უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს შოვში მეწყერის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარს უცხადებს.
„მინდა, მივუსამძიმრო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს უპრეცედენტო წვიმებისა და მეწყერების შედეგად დაღუპულთა გამო. ჩემი ფიქრები და ლოცვა ახლა ქართველ ხალხთანაა. უნგრეთი მზადაა, გასწიოს საჭირო დახმარება კატასტროფის დროს მიყენებული ზარალის შესამსუბუქებლად“, – წერს კატალინ ნოვაკი “ტვიტერზე”.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, 200-ზე მეტი პირია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.