4 დიდი ბუნებრივი კატასტროფა შვეიცარიის ისტორიაში

მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემის, გლობალური დათბობის შედეგები შვეიცარიაშიც თვალსაჩინოა. ჰაერის საშუალო ტემპერატურის მატება ზრდის ბუნებრივი კატასტროფების რისკს, როგორიცაა ღვარცოფი, მეწყერი თუ წყალდიდობა. ჩვენ გთავაზობთ 4 დიდ ბუნებრივ კატასტროფას, რომელიც შვეიცარიას დაატყდა თავს ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში. როგორც ჩანს, ადამიანი და მრეწველობა ყოველთვის არ იყო ამის მიზეზი.

ბოლო 150 წლის განმავლობაში შვეიცარიაში ჰაერის საშუალო ტემპერატურა, დაახლოებით, ორი გრადუსით გაიზარდა, რაც ორჯერ აღემატება გლობალურ საშუალო ტემპერატურას. მყინვარების დნობა და მუდმივი ყინვა ალპურ ფერდობებს უფრო არასტაბილურს ხდის; ზრდის მეწყრების, ზვავების და ღვარცოფების რისკს. ექსტრემალური ამინდი (ნალექი, თოვლი, სიცხის ტალღები) უფრო ინტენსიური ხდება, უპრეცედენტო წყალდიდობის ალბათობაც იზრდება.

1806 წელი – ყველაზე საშინელი სტიქია ქვეყნის ისტორიაში:  1806 წლის 2 სექტემბერს ძლიერმა წვიმამ 35-40 მილიონი კუბური მეტრი კლდის მასა და ხრეში ჩამოიტანა ცენტრალური შვეიცარიის მთიდან. მეწყერი ჩამოწვა შვიცის კანტონში მდებარე სოფლებში: გოლდაუსა და როტენში. ნგრევის საერთო ფართობმა 6,5 კვადრატულ  კილომეტრს მიაღწია. განადგურდა სამასზე მეტი საცხოვრებელი და კომერციული შენობა, დაიღუპა 437 ადამიანი.

1868 – წყალდიდობა, რომელმაც შეცვალა შვეიცარია: 1868 წლის შემოდგომა ერთ-ერთი ყველაზე წვიმიანი იყო შვეიცარიის ისტორიაში. რვა დღის განმავლობაში, სან-ბერნარდინოს უღელტეხილზე სულ 1118 მმ წვიმა მოვიდა, რაც შვეიცარიის რეკორდს წარმოადგენს. რაინის ველი და მაგადინოს დაბლობი ტიჩინოში წყლის ქვეშ მოექცა. დაიღუპა 51 ადამიანი. მთლიანმა ზარალმა, მაშინდელი ფულით, 40 მილიონი ფრანკი შეადგინა, რაც დღეს, დაახლოებით, მილიარდი იქნებოდა.

2005 – ექსტრემალური ნალექები შვეიცარიაში: 2005 წლის აგვისტოში შვეიცარიის დიდ რაიონებში, ალპების ჩრდილოეთით რამდენიმე დღის განმავლობაში ექსტრემალური ოდენობის ნალექი მოვიდა. გარე სამყაროს მოწყვეტილი იყო ბევრი მთის ხეობა, დიდი ტბები, მათ შორის, ტბა ვიერვალდტეტი, ადიდდა ნაპირები და მდინარე აარემ დატბორა ბერნის ისტორიული რაიონი. წყალდიდობასა და მეწყერს ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ქვეყანას დაახლოებით, 3 მილიარდი ფრანკის ზარალი მიაყენა.

image792456.jpg

2017 წელი – ღვარცოფი ბონდოში:2017 წლის 23 აგვისტოს 3 მილიონი კუბური მეტრი კლდის მასა ჩამოინგრა გრაუბიუნდენის კანტონში, პიზ სენგალოს მთის ფერდობზე. ჩამოშლილი მიწის რაოდენობა შვეიცარიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო. მას მოჰყვა ღვარცოფი, რომელიც ბერგალიას ისტორიულ რეგიონში მდებარე სოფელ ბონდოს დაატყდა თავს. ღვარცოფის მსხვერპლი რვა ტურისტი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები