“მითხრეს, რომ სოციალურ ქსელებში არის რაღაც საბანკო ანგარიშები გამოქვეყნებული, მოწოდებები თანხის შეგროვების შესახებ. მათ შორის, მეც ვნახე ერთი და იგივე ანგარიში ორ სხვადასხვა Facebook გვერდზე. არ მინდა არავის გულწრფელობაში შევიტანო ეჭვი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასეთ დროს არის დიდი რისკი თაღლითობის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანები ყველაფრით უზრუნველყოფილები არიან.
„ამიტომ, მოსახლეობას მოვუწოდებ – რაიმე თანხის შეგროვების არანაირი საჭიროება არ არსებობს. ყველა – იქნება ეს დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრები თუ ზოგადად ამ პროცესში ჩართული ადამიანები – არის აბსოლუტურად ყველაფრით უზრუნველყოფილი – წყლით, საკვებით, საცხოვრებლით და ამის [თანხის შეგროვების] არანაირი საჭიროება არ არსებობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, 200-ზე მეტი პირია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.