თემურ მღებრიშვილი: თუ დადგა დღის წესრიგში მოხალისეთა კომპონენტი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აქვს მოხალისეების სპეციალური ბაზა, რომელთა მობილიზებაც ორგანიზებულად მოხდება

“მობილიზებულია ყველა სახელმწიფო უწყება. თუ მაინც დადგა დღის წესრიგში მოხალისეთა კომპონენტი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აქვს მოხალისეების სპეციალური ბაზა, რომელთა მობილიზებაც ორგანიზებულად მოხდება”, – ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი ოპერატიულად კეთდება.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვთხოვო მოსახლეობას – იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და გამოთქვეს სურვილი ჩაერთონ მოხალისეებად – საქართველოს კანონით სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მსგავს სიტუაციებზე ტაქტიკურ თუ ოპერატიულ დონეზე პასუხისმგებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ინციდენტზე შემოსული ზარის შემდეგ აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება სწრაფად, ოპერატიულად, შესაბამისი ძალების მობილიზებით. აბსოლუტურად არ არის საჭირო შემოვლითი გზებით ეცადონ მოქალაქეები შეაღწიონ სტიქიის ზონაში, რადგან ეს არის საფრთხის შემცველი.

იცით, რომ როცა პრემიერ-მინისტრი როცა იყო ჩამობრძანებული, ჩატარდა საგანგებო თათბირი. ყველა შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ მივიღეთ დავალებები. აქედან გამომდინარე, მობილიზებულია ყველა სახელმწიფო უწყება. თუ მაინც დადგა დღის წესრიგში მოხალისეთა კომპონენტი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აქვს მოხალისეების სპეციალური ბაზა, რომელთა მობილიზებაც ორგანიზებულად მოხდება“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, 200-ზე მეტი პირია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები