შალვა პაპუაშვილი: სტიქიის ზონაში ორი ახალი გზა გაიჭრა, რათა დაკარგულთა საძიებო სამუშაოები უკეთესად წარიმართოს

“შუადღით რაც იყო მონაცემები, არ შეცვლილა. 18 გარდაცვლილია ნაპოვნი, მათგან 12-ია იდენტიფიცირებული, თუმცა ახლაც გაემართნენ გარდაცვლილთა ახლობლები ქუთაისში, პროზექტურაში, ამოსაცნობად. ასევე, მიმდინარეობს 18 ადამიანის ძებნის ოპერაცია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სტიქიის ზონაში ორი ახალი გზა გაიჭრა, რათა დაკარგულთა საძიებო სამუშაოები უკეთესად წარიმართოს.

„რაც შეეხება თავად ინფრასტრუქტურას, რათა ეს ძებნის სამუშაოები იყოს უფრო ეფექტიანი, სრულიად ახალი ორი გზა მოეწყო. მდინარე ჭანჭახის მარცხენა სანაპიროზე გაიჭრა ახალი გზა, ვინაიდან მარჯვე სანაპიროზე არსებული გზა დაიტბორა. გაიჭრა 700 მეტრი ახალი გზა, რომელიც მივიდა ე.წ. კალციუმის წყლის წერტილამდე. იქაც მიდის ძებნა, ვინაიდან იქ, როგორც წესი, დამსვენებლებისა და ტურისტების შეკრების ადგილი იყო. ასევე, კურორტის გარშემო ახალი გზა გაიჭრა. დაახლოებით, 1,2კმ. სიგრძის, რომელიც თავისთავად ტექნიკის გადაადგილებისთვისაც არის მნიშვნელოვანი. ასევე, ცოცხალი ძალისთვის, რომ ყველა მხრიდან იყოს მუშაობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები