“გრძელდება ძებნის სამუშაოები. დღეს კიდევ ერთი ცხედარი იქნა ნაპოვნი მაშველების მიერ. დანარჩენი იგივე ვითარებაა, სურათი არის მძიმე. ყველა უწყება ჩართულია ამ სამუშაოებში”,- ამის შესახებ , – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სტიქიის შესახებ შეფასებები სჯობს სპეციალისტებმა გააკეთონ.
“ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს აქტიურად. 80 ერთეული მძიმე ტექნიკა არის მობილიზებული და ძალიან ინტენსიური სამუშაოები ტარდება. ასევე მობილიზებული არიან მაშველები, სამხედროები. ეს არის ის სურათი რაც არსებითად გვაქვს დღეს. რაც შეეხება შეფასებებს, ანალიზებს და ა.შ. აჯობებს, რომ ამაზე ისაუბრონ სპეციალისტებმა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ინფორმაცია, სხვადასხვა ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა სჯობს, რომ სპეციალისტებმა, ექსპერტებმა, კომპეტენტურმა ადამიანებმა ისაუბრონ ჩვენ ნაცვლად ამ ყველაფერზე“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, 200-ზე მეტი პირია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.