ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგი ხიდეშელის განცხადებით, სტიქიის ზონაში დღის პირველ ნახევარში დამატებითი ტექნიკა იქნება მობილიზებული.
რაც შეეხება სამუშაოებს, მერი განმარტავს, რომ პირველ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს ლოკაციებზე, სადაც შესაძლებელი იყო მოქალაქეები ყოფილიყვნენ.
“კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებს, ასევე მთელ ქვეყანას.
რაც შეეხება სამუშაოებს – ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ძიება-სამაშველო სამუშაოები. ამ ეტაპზე, სტიქიის ლოკაციაზე დამონტაჟებულია გადასასვლელი ხიდი, რომელიც სტიქიამ წაიღო.
დღის პირველ ნახევარში მობილიზებული იქნება დამატებით ტექნიკა, დაახლოებით 60 ერთეული იქნება და რა თქმა უნდა, ამას კიდევ რამდენიმე ათეული ტექნიკა დაემატება.
რაც შეეხება სამუშაოების მიმდინარეობას: პირველ ეტაპზე ძიება-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს ლოკაციებზე, სადაც შესაძლებელი იყო მოქალაქეები ყოფილიყვნენ და შემდეგ რა თქმა უნდა მთლიან ლოკაციაზე გაიშლება სამუშაოები.
სამწუხაროდ, 17 მოქალაქეა გარდაცვლილი, გადასვენებული არიან პროზექტურაში. მიმდინარეობს მათი ამოცნობა”,- განაცხადა ხიდეშელმა.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 17 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, 200-ზე მეტი პირია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.