“რუსეთი მიზნად ისახავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან გრძელვადიანი სამოკავშირეო ურთიერთობების დამყარებას” – რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორი, დენის გონჩარი აცხადებს, რუსეთი მიზნად ისახავს ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გრძელვადიანი სამოკავშირეო ურთიერთობების დამყარებას.

ამის შესახებ მან “ტასს”-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი 26 აგვისტოს ღონისძიებისთვის, როდესაც ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების 15 წლისთავი აღინიშნება სერიოზულად ემზადება.

გონჩარის თქმით, დაგეგმილია რუსეთის მაღალი რანგის დელეგაციების ვიზიტი სოხუმსა და ცხინვალში, რომელთა შემადგენლობაში იქნებიან საკანონმდებლო, აღმასრულებელი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები.

“დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების, უსაფრთხოების განმტკიცებისა და ეკონომიკის განვითარების საქმეში დიდი გზა გაიარეს. რუსეთი ამის ხელშეწყობას აგრძელებს. მიღწეულია მნიშვნელოვანი შედეგები. ამ წლების განმავლობაში, რესპუბლიკების მშპ გაორმაგდა. 2022 წელს მან შეადგინა 45 მილიარდ რუბლზე მეტი აფხაზეთში და, დაახლოებით, 7 მილიარდი რუბლი – სამხრეთ ოსეთში. სავაჭრო ბრუნვა სტაბილურად იზრდება, ჰუმანიტარული და ტურისტული კონტაქტები ფართოვდება.

მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთის მონაწილეობით რესპუბლიკების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამები. ეს ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების ზრდას და ადამიანების ცხოვრების ხარისხის რეალურ გაუმჯობესებას.

ჩვენთან მჭიდრო კოორდინაციით, რესპუბლიკები მუშაობენ საერთაშორისო კავშირების გაფართოებაზე. და მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობენ, საღი აზრი მაინც ჭარბობს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი გადასინჯვას არ ექვემდებარება, მას არაერთი სახელმწიფო აღიარებს, სხვა ქვეყნებთან არის კონტაქტები სამოქალაქო საზოგადოებებისა და ბიზნეს წრეების მეშვეობით. ასეთი დაინტერესებული ურთიერთქმედების ბოლო მაგალითებია, ივლისში აფხაზი და სამხრეთ ოსი ოფიციალური პირების მონაწილეობა ნიკარაგუაში სადღესასწაულო ღონისძიებებში. ვიცით, რომ სოხუმი და ცხინვალი 26 აგვისტოს უცხოეთიდან სტუმრებს ელოდებიან.

რუსეთი მიზნად ისახავს გრძელვადიანი სამოკავშირეო ურთიერთობების დამყარებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოძმე ხალხებთან, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი ისტორიული კავშირები. ეს პოზიცია არ ექვემდებარება გადასინჯვას”,- თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები