ომის დაწყების შემდეგ რუსეთში 700 ათასზე მეტი უკრაინელი ბავშვის დეპორტაცია განხორციელდა

რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთში 700 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვის დეპორტაცია განხორციელდა.

„2022 წლის თებერვლიდან რუსეთის ფედერაციამ უკრაინისა და დონბასის რესპუბლიკებიდან დაახლოებით 4,8 მილიონი მცხოვრები მიიღო, რომელთაგან 700 000-ზე მეტი ბავშვია“, – ნათქვამია ლვოვა-ბელოვას მოხსენებაში.

მოხსენების თანახმად, ბავშვების უმეტესობის დეპორტაცია „მშობელთან ან სხვა ნათესავებთან ერთად“ განხორციელდა.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ობოლთა და მზრუნველობის გარეშე დარჩენილ ბავშვთა თავშესაფრებში 1 500 მოსწავლე გადაიყვანეს, ხოლო 288 ბავშვი ოკუპირებული დონეცკის რეგიონიდან რუსეთის მოქალაქეების მიმღებ ოჯახებში მეურვეობის ქვეშ მოათავსეს.

შეგახსენებთ, რომ მარია ლვოვა-ბელოვა ერთ-ერთია იმ ორი რუსეთის მოქალაქიდან, რომლის წინააღმდეგაც ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) მარტში დაკავების ორდერი გასცა. მას ბრალად 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინიდან რუსეთში ბავშვების უკანონო დეპორტაცია ედება. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მეორე პირია, რომელსაც აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები