კახოვსკაიას ჰესის კაშხლის 6 ივნისს აფეთქების შედეგად, უკრაინის სამხრეთში წყლის ხარისხი სანიტარიულ ნორმებს კვლავ არ შეესაბამება.
როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, უკრაინის მთავარმა სახელმწიფო სანიტარიულმა ექიმმა, იგორ კუზინმა განაცხადა, აღებული ნიმუშების 15% საჭირო ნორმებს არ შეესაბამება.
მან აღნიშნა, რომ 6 ივნისიდან ოდესის, მიკოლაევისა და ხერსონის რეგიონებში ზედაპირული წყლის ობიექტების (მდინარის და ზღვის წყალი) ყოველდღიური მონიტორინგი ხორციელდება. ამისთვის 38 პუნქტი შეიქმნა.
„პირველ დღეებში ზღვისა და მდინარის წყალი ბაქტერიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით 35%-ის შემთხვევაში სანიტარიულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. ახლა დაბინძურების დონე 15%-მდე შემცირდა. დღეს ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ წყალი თანდათან იწმინდება, მაგრამ მაინც საშიშია ცურვისთვის, ეკონომიკური მიზნებისთვის და ასეთი რეზერვუარებიდან თევზის დასაჭერად შემდგომი მოხმარებისთვის“, – განაცხადა კუზინმა.
მისი თქმით, წყალში ხშირია როტავირუსი, რომელიც მწვავე ინფექციების გამომწვევი აგენტია.
ამასთან, კუზინმა აღნიშნა, რომ ოდესის, ხერსონისა და მიკოლაევის რეგიონებში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლდება.
„ქოლერა, A ჰეპატიტი და მწვავე ინფექციური დაავადებების გავრცელება დაზარალებულ ტერიტორიებზე არ გამოვლენილა. ინფექციური ჰაბები, რომლებიც განლაგებულია მიკოლაივის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის რაიონებში, უზრუნველყოფილია ტესტებით დიაგნოსტიკისთვის და ინფექციური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებით“, – თქვა მან.