ბექა ოდიშარია: დასანანია, რომ ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ერთ ნაწილს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ გეოპოლიტიკაზე

“პაატა მანჯგალაძის განცხადება, პირველ რიგში, შეურაცხყოფს აშშ-ს, რომელთაც ყველანაირი ძალა და ღონე იხმარეს თავის დროზე, საუკუნეების წინ, რომ აშშ ამ უზარმაზარი სენისგან გათავისუფლებულიყო, რასაც ბატონყმობა ერქვა”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დასანანია, რომ ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ერთ ნაწილს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებსაც გეოპოლიტიკაზე წარმოდგენა არ აქვთ.

“რა დასანანია, რომ ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ერთ ნაწილს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ გეოპოლიტიკაზე, რეგიონში არსებულ ძალთა გადანაწილებაზე, მიდრეკილნი არიან ბატონყმური წყობილებისკენ და მიისწრაფვიან, რამდენად შეურაცხმყოფელიც არ უნდა იყოს, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მიმართ ბატონყმური დამოკიდებულებისკენ.

მანჯგალაძის განცხადება, პირველ რიგში, შეურაცხყოფს აშშ-ს, რომელთაც ყველანაირი ძალა და ღონე იხმარეს თავის დროზე, საუკუნეების წინ, რომ აშშ ამ უზარმაზარი სენისგან გათავისუფლებულიყო, რასაც ბატონყმობა ერქვა. პაატა მანჯგალაძე არის თანამედროვე პროფანაცია პოლიტიკაში, რომელიც ბედავს და ერთ სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებს ბატონს, ხოლო მეორეს, ჩინეთს, რომელიც რეგიონში უდიდესი პოლიტიკური და სავაჭრო აქტორია​განსაზღვრავს მეორე ბატონად. ალბათ არ ახსოვს, რომ ქართველები არცერთ ბატონს არ ჰგუობდნენ. ეს არის შეურაცხყოფა ჩინეთის ცივილიზაციის. ჩინეთი არის ქვეყანა, რომელსაც არ აქვს მიდრეკილება ექსპანსიონიზმისაკენ. ჩინეთს აქვს მიდრეკილება ცივილიზაციური განვითარებისკენ. ჩინეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც დაძლია სიღარიბე და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავიღოთ მაგალითი ამ უზარმაზარი ქვეყნისგან, მისი ძალიან ავტორიტეტული ლიდერისგან. ჩვენ მათ მხოლოდ მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ ისინი შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს მაღალ დონეზე და ეს ყველაფერი დაფუძნებული იქნა პეკინის უნივერსიტეტში. სიმბოლურად ეს მოხდა შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნით. ვფიქრობ, ამით ხაზი გაუსვა მილიარდ 700 მილიონიანმა ერმა იმ მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს გააჩნია ისტორიული აბრეშუმის გზის რეგიონში და ასევე, ხაზი გაუსვეს, რამდენად სცემენ პატივს ჩვენს ცივილიზაციას და აფასებენ ამას, განსხვავებით ერთი პარტიის წევრისგან, რომელსაც თავი მოაქვს აღმაშენებლის პარტიის წევრად. რამხელა ცინიზმია – ამხელა ქვეყნის და ერის ლიდერი ასე ღირსეულად იღებს ჩვენი ქვეყნის პრემიერს და ამასობაში ამას თან ახლავს ასეთი თვითკნინობითი და ყოველგვარი ღირსებისგან დაცლილი კომენტარი, რომელსაც, ვფიქრობ, მთელი საზოგადოება შეაფასებს“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტს ასე გამოეხმაურა: „შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა, ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს. მისი თქმით, აზიაში სირბილის ნაცვლად, პრემიერი სტრატეგიულ ხელშეკრულებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან უნდა აღრმავებდეს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები