„მუსიკალური ინსტრუმენტების, ხალხური საკრავებისა და სასცენო სამოსის (ფეხსაცმელი და აქსესუარები) ოსტატთა ხელშეწყობა“ – კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის – „მუსიკალური ინსტრუმენტების, ხალხური საკრავებისა და სასცენო სამოსის (ფეხსაცმელი და აქსესუარები) ოსტატთა ხელშეწყობა“ – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანი იყო სასცენო სამოსის – აქსესუარების ან/და ფეხსაცმლის, კლასიკური ან/და ხალხური საკრავების ოსტატთა საქმიანობის ხელშეწყობა; სასცენო სამოსის – აქსესუარების ან/და ფეხსაცმლის, კლასიკური ან/და ხალხური საკრავების ოსტატთა სახელოსნოების მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს.
წელს კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 150 000 ლარს. კონკურსის ფარგლებში სამინისტროს მიმართა 13-მა განმცხადებელმა, გამოვლინდა ათი გამარჯვებული პროექტი:
1) „წიკო-წიკო გარმონის დამზადების ტრადიციული მეთოდის აღდგენა – ოსტატ-შეგირდთა სახელოსნო რაჭაში (II ეტაპი)“ – პროექტის ფარგლებში დაფინანსდა სხვადასხვა დაზგა-დანადგარების, ინსტრუმენტების დასამზადებლად საჭირო ხე-მასალის შეძენა, მასალის ტრანსპორტირება და ჰონორარები (განმახორციელებელი – ი.მ. თორნიკე სხიერელი);
2) „სასცენო სამოსის – მამაკაცის ჩოხის აქსესუარების დამზადება (სარტყელი, ლეკვერთხი, ჩოხის ქილები)“ – დაფინანსდა ლითონის გასადნობი და ჩამოსასხმელი დანადგარების, გამოსაწვავი ღუმელისა და სხვადასხვა ხელსაწყოების შეძენა (განმახორციელებელი – ი.მ. დავითი ჯამრიშვილი ალევი);
3) „ხალხური საკრავების დამზადება“ – დაფინანსდა სახარატე დაზგებისა და სხვადასხვა ელექტრო ხელსაწყოების შეძენა (განმახორციელებელი – ფ.პ. გიორგი შაროვი);
4) „დავით ყიფიანის ხალხური საკრავების სახელოსნოს გაფართოება“ – დაფინანსდა ლენტური ხერხის, ე.წ. ფუგანისა და ხის საჭრეთლების კომპლექტის შეძენა (განმახორციელებელი – ი.მ. დავით ყიფიანი);
5) „სასცენო სამოსისა და აქსესუარების სახელოსნოს განვითარების ხელშეწყობა“ – დაფინანსდა სამკერვალო სახელოსნოსთვის საჭირო საგვირისტე მანქანისა და სხვადასხვა ელექტრო ხელსაწყოებისა და ნედლეულის შეძენა (განმახორციელებელი – ფ.პ. ზურაბ შიოშვილი);
6) „ისტორიული ფეხსაცმლის მოდელები გასული საუკუნეებიდან“ – დაფინანსდა ფეხსაცმლის სახელოსნოში დასაქმებული პირების ჰონორარები (განმახორციელებელი – ფ.პ. ნინო მრელაშვილი);
7) „კლასიკური გიტარის ოსტატი“ – დაფინანსდა გიტარის სახელოსნოსთვის საჭირო ცხრა დაზგა-დანადგარი (განმახორციელებელი – ფ.პ. ემზარ ჭრიკიშვილი);
8) „გიორგი ლუთიერი ფხალაძის სახელოსნო“ – დაფინანსდა სახელოსნოსთვის საჭირო ოთხი დაზგა-დანადგარის შეძენა (განმახორციელებელი – ფ.პ. გიორგი ფხალაძე);
9) „ჩქარეულების ტრადიციული ხელსაქმის სახელოსნო ყაზბეგში“ – დაფინანსდა სხვადასხვა დანიშნულების საკერავი და საქარგავი მანქანის შეძენა, აგრეთვე, სახელოსნოში დასაქმებულების ჰონორარები და სხვადასხვა აქსესუარების დასამზადებლად საჭირო მასალის შეძენა (განმახორციელებელი – შპს ფიქალი);
10) „მუსიკალური ინსტრუმენტების დამზადება“ – დაფინანსდა საკრავების სახელოსნოსთვის საჭირო სამი დაზგა-დანადგარის შეძენა (განმახორციელებელი – ფ.პ. ავთანდილ მჟავანაძე).
გასულ წელსაც აღნიშნული კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 150 000 ლარს. სამინისტროს მიმართა ექვსმა განმცხადებელმა და ექვსივე პროექტი დაფინანსდა; კერძოდ:
1) „ოთარ ჩიბირაშვილის სახელოსნოს გაფართოება“ – პროექტის ფარგლებში დაფინანსდა სახელოსნოსთვის ტყავის დამამუშავებელი და საკერავი მანქანა-დანადგარების შეძენა. განმახორციელებელი ფ.პ. ოთარ ჩიბირაშვილი. აღსანიშნავია, რომ სიქსტის კაპელაში კონცერტის სათანადოდ მოსამზადებლად, სამების საკათედრო ტაძრის გუნდის მომღერლებისთვის, სწორედ, ოსტატმა ოთარ ჩიბირაშვილმა დაამზადა საუკეთესო ხარისხის ტყავის 38 წყვილი ფეხსაცმელი რეკორდულ დროში (განმახორციელებელი – ფ.პ. ოთარ ჩიბირაშვილი);
2) „დავით ყიფიანის ხალხური საკრავების სახელოსნოს გაფართოება“ – დაფინანსდა სახელოსნოსთვის ხის დასამუშავებელი დაზგებისა და ინვენტარის შეძენა (განმახორციელებელი – ი.მ. დავით ყიფიანი);
3) „სასცენო კოსტიუმის სახელოსნოსთვის საკერავი ტექნიკისა და სახარჯი მასალების შეძენა“ – დაფინანსდა სასცენო და კინოკოსტიუმებისათვის საქარგი/საკერავი მანქანებისა და საჭირო მასალების შეძენა (განმახორციელებელი – ფ.პ. ზურაბ შიოშვილი);
4) „თურმანიძის დიპლიპიტო“ – დაფინანსდა ტრადიციული ქართული საკრავის ერთადერთი ქალი ოსტატის სახელოსნოს გაფართოება-მოწყობა (განმახორციელებელი – ფ.პ. ფატიმა თურმანიძე);
5) „ოტ კუტური იბერიიდან“ – დაფინანსდა სასცენო ფეხსაცმლის შესაკერი მასალის შეძენა და გამოფენის მომზადება (განმახორციელებელი – ფ.პ. ნინო მრელაშვილი);
6) „გუდასტვირისა და ჭუნირის დამზადების ტრადიციული მეთოდი – ოსტატ-შეგირდთა სკოლის აღდგენა რაჭაში“ – დაფინანსდა საკრავების დასამზადებლად საჭირო ხის დამამუშავებელი დანადგარებისა და სხვადასხვა ინვენტარის შეძენა, ასევე – შეგირდების სწავლება (განმახორციელებელი – ი.მ. თორნიკე სხიერელი);