ახალგაზრდობის დაბრუნება ერთ კვირაში – ჰარვარდელმა მეცნიერებმა “ჯადოსნურ კოქტეილს” მიაგნეს
მეცნიერთა ჯგუფი, რომელსაც ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ანტიასაკობრივი პროცესების ცნობილი მკვლევარი, დევიდ სინკლერი ხელმძღვანელობს, ამტკიცებს, რომ ახალგაზრდობის დაბრუნება რამდენიმე დღეშია შესაძლებელი.
მეცნიერთა კვლევის შედეგებს ჟურნალი Aging-ი აქვეყნებს.
როგორც სინკლერი და მისი გუნდი წერენ, “ჩვენ გამოვავლინეთ ექვსი ქიმიური კოქტეილი, რომლებიც ერთ კვირაზე ნაკლებ დროში და უჯრედული იდენტობის დარღვევის გარეშე, აღადგენს მთელი გენომის ტრანსკრიფტების არასრულწლოვან პროფილს და უკან აბრუნებს ტრანსკრიფტომულ ასაკს“.
როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, მათი აღმოჩენა ვარაუდობს, რომ ახალგაზრდობის აღდგენა შესაძლებელია არა მხოლოდ გენეტიკური, არამედ ქიმიური საშუალებების დახმარებით.
მკვლევარებს თავიანთი მიგნება ადამიანებზე ჯერ არ დაუდასტურებიათ, კვლევა მხოლოდ უჯრედულ კულტურაშია ჩატარებული.
ამ მიზეზით და ასევე იმის გამო, რომ განცხადება ძალიან თამამად ჟღერს, სხვა მეცნიერები ამ ინფორმაციას თავშეკავებულად ღებულობენ.
ბიოგერონტოლოგი მეტ კაბერლაინი, რომელიც ხელმძღვანელობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ლაბორატორიას, მოუწოდებს ჰარვარდის კოლეგების შედეგებს თავშეკავებით მიუდგნენ, სანამ მათი შედეგები არ იქნება გადამოწმებული.
მიუხედავად ამისა, თავშეკავებული ოპტიმიზმის საფუძველი მაინც არსებობს, რადგან დევიდ სინკლერმა უკვე მიაღწია შთამბეჭდავ შედეგებს უჯრედების დაბერების შეჩერებაში. თუმცა ადრე ის გენეტიკურ საშუალებებს იყენებდა.