“მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან შეინიშნება ტურისტების და საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა” – Golden Tulip
მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან შეინიშნება ტურისტების და საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა, – აცხადებს სასტუმრო Golden Tulip-ის გაყიდვების მენეჯერი, ავთანდილ წურწუმია. მისი თქმით, სასტუმროს მაგალითზე წელს შედარებით მაღალი სეზონი მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყო.
„ჩვენი სასტუმროს მაგალითზე მინდა, ვთქვა, რომ მაისის მეორე ნახევარი და ივნისი იყო საკმაოდ კარგი, რაც განაპირობა ქვეყანაში სხვადასხვა სახელმწიფო დელეგაციების სტუმრიანობამ. ასევე დიდი ნაკადები იყოს სტუმრების შემოდინების მხრივ გალფის ქვეყნებიდან. მათი სადღესასწაულო დღეების პერიოდში, მათთვის საქართველოში დასვენება აქტუალურია. ეს ყველაფერი კი განაპირობებს იმას, რომ საკმაოდ კარგი მონაცემები იყო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“, – ამბობს სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი.
მისივე თქმით, Golden Tulip-ის მაგალითზე წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი სეზონი მაის-ივნისი და სექტემბერ-ოქტომბერია. ხოლო რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს, ივლის-აგვისტოზე საშუალო დატვირთულობა. ამ პერიოდისთვის სასტუმროში ჯავშნების კუთხით ლიდერობენ სტუმრები გალფის ქვეყნებიდან და ისრაელიდან.