ტურიზმის სექტორი ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკით კმაყოფილია
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნატა კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ზაფხულის და შემოდგომის ტურისტული სეზონები ჯერ კიდევ წინ არის და შესაბამისად ბიზნესს და სექტორს კიდევ უფრო მაღალი შედეგების მოლოდინი აქვს.
„ძალიან მნიშვნელოვანი ციფრები გამოქვეყნდა. მთავარი ის არის, რომ სექტორს წლის განმავლობაში უფრო მაღალი მოლოდინი გვაქვს. წინ გვაქვს ზაფხულის და შემოდგომის ტურისტული სეზონები, რომელიც მაღალი პერიოდია ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორისთვის და ზოგადად ბიზნესისთვის. ძალიან მომზადებული ხვდება ბიზნესი ამ სეზონებს. თავისთავად შედეგიანობაზე ვისაუბრებთ წლის ბოლოს, თუ რამდენად სრულყოფილად გამართლდა ის მოლოდინები, რაც ბიზნესს ჰქონდა. საგულისხმოა ის, რომ წლის განმავლობაში საკმაოდ აქტიური და საინტერესო მარკეტინგული კამპანიები ხორციელდება, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ. მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებზე, გამოფენებზე, იმისთვის რომ ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართულებით, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილის მიმართ, კიდევ უფრო გაიზარდოს“, – განმარტავს ნატა კვაჭანტირაძე.
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტი აქტიურობა იყოს ევროპის ბაზრებზე, საიდანაც რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, საერთაშორისო ვიზიტორების ჩამოსვლისგან მეტ-ნაკლებად თავს იკავებენ.
„მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო გავაქტიურდეთ ევროპის მიმართულებით, რადგანაც არ შეწყდეს და არ შეჩერდეს ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. დღეის გადასახედით მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი არის პანდემიის შემდეგ, უკრაინა-რუსეთის ომი, რაც განაპირობებს ევროპელების ნაკლებობას ჩვენს ქვეყანაში. თუმცა იმედი გაქვს, რომ ევროპიდან ტურისტებს დავიბრუნებთ და მომავალში უფრო მეტი ტურისტი გვეყოლება ევროპიდან“, – ამბობს ნატა კვაჭანტირაძე.