RBC-Ukraine: ყირიმის ხიდზე თავდასხმა უკრაინის საზღვაო ძალების და უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციაა​

ყირიმის ხიდზე გვიან ღამით მომხდარი, სავარაუდოდ აფეთქებები უკრაინის საზღვაო ძალების და უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციის შედეგია.

ამის შესახებ RBC-Ukraine უსაფრთხოების სამსახურში წყაროზე დაყრდნობით წერს.

„ხიდზე თავდასხმა წყლისზედა დრონებით მოხდა. ხიდთან მისვლა რთული იყო, მაგრამ, საბოლოოდ, ეს მოხერხდა”, – ამბობს წყარო.

გამოცემა სხვა დეტალებს არ ასაჯაროებს.

ტელეგრამის არხი Mash იტყობინება, რომ ხიდის იერიში, სავარაუდოდ, მოდერნიზებული წყლის დრონების საშუალებით მოხდა. მათივე ინფორმაციით, ეს გამოძების, ჯერჯერობით, უმთავრესი ვერსიაა.

ოფიციალურად, მომხდარზე პასუხისმგებლობა არც უკრაინის ხელისუფლებას და არც სამხედროებს არ აუღიათ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობის სპიკერმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქებები შესაძლოა, რუსეთის პროვოკაცია იყოს მარცვლეულის შეთანხმების განხილვის ფონზე.

ყირიმის ხიდზე მომხდარი, სავარაუდოდ აფეთქების შედეგად, ცოლ-ქმარი დაიღუპა, მათი 14 წლის შვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ქერჩის სრუტეში გადაადგილება შეჩერებულია, ხიდი ჩაკეტილია.

ყირიმის ხიდი თავდასხმის ობიექტი ბოლო ათ თვეში უკვე მეორედ ხდება. 2022 წლის 8 ოქტომბერს ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა.

კრემლმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა და თქვა, რომ ეს “ტერაქტი” იყო. ოფიციალურად, უკრაინულ მხარეს მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია, მაგრამ არაერთხელ აღინიშნა, რომ ყირიმის ხიდი მათი ლეგიტიმური სამიზნეა, რადგან ოკუპანტები მას სამხედრო ტექნიკის მიწოდებისთვის იყენებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები