თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“ 15 წლისაა

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“ უკვე 15 წლისაა.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა მუქერიამ აცნობა, „საქართველოს სინფონიეტა“ 2008 წელს დაარსდა.
მისივე თქმით, ორკესტრის შექმნის იდეა ეკუთვნის გიორგი ქერელაშვილს (მევიოლინე, სამხატვრო ხელმძღვანელი), რომელმაც იდეა მეგობრებს გაუზიარა. მათ ერთად დაკვრა დაიწყეს და „საქართველოს სინფონიეტას“ ისტორიაც აქედან დაიწყო. პირველი სარეპეტიციო სივრცე ორკესტრს, გია ბუღაძემ სამხატვრო აკადემიის შენობაში გამოუყო, ასე დაიდეს ბინა მხატვრებთან მუსიკოსებმა და რამდენიმე წელი სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კამერული ორკესტრის სახელით მართავდნენ კონცერტებს.– საიუბილეო თარიღის გადასახედიდან, ორკესტრმა საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა…

– 2010 წელს, ორკესტრს მიენიჭა სახელმწიფო სტატუსი და გახდა თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“. მას შემდეგ, ამ სტატუსს ღირსეულად ატარებს, საქართველოსა და საერთაშორისო ასპარეზზე ორკესტრმა უკვე დიდი აღიარება მოიპოვა.
2012 წლის თებერვალში, „საქართველოს სინფონიეტამ“ შეიძინა ბაროკოს ინსტრუმენტები და გახდა პირველი ბაროკოს ორკესტრი კავკასიაში. მას შემდეგ ორკესტრმა არაერთი კონცერტი გამართა. ძველებური მუსიკის ევროპელ შემსრულებლებთან და მკვლევრებთან აქტიური მუშაობით ორკესტრმა ისეთ მაღალ პროფესიულ დონეს მიაღწია, რომ დღესდღეობით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც გაითქვა სახელი.
– 2015 წელს ორკესტრმა „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ დააარსა, რომელიც წლებია, წარმატებით მიმდინარეობს…
– თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა – „საქართველოს სინფონიეტა“, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 2015 წელს დააფუძნა  „თბილისის ბაროკო ფესტივალი“, რომელიც ყოველწლიურად უფრო წარმატებული და პოპულარული ხდება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ფესტივალში მონაწილეობენ ძველი მუსიკის სპეციალისტები და მსოფლიო სცენის ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ჟორდი სავალი (დირიჟორი, ესპანეთი), სერჯო აცოლინი (ფაგოტი, იტალია), კრისტინე ბუში (ვიოლინო, გერმანია), ჟან რონდო (კლავესინი, საფრანგეთი), დავიდე ამადიო (ჩელო, იტალია), ეტიენ გალეტიე (თეორბო, საფრანგეთი), ანსამბლი “Zefiro”, ბერლინის ძველი მუსიკის აკადემია (AKAMUS) და სხვა.

– ორკესტრმა მრავალი რეგიონალური პროექტი განახორციელა, ამავდროულად, კონცეტრებს მართავს საზღვარგარეთის გამორჩეულ დარბაზებში… 
– გარდა მსოფლიოს წამყვანი სცენებისა, დღიდან დაარსებისა, ორკესტრი ცდილობს, იქ ჩაატაროს კონცერტები, სადაც ათეული წლებია არ აჟღერებულა კლასიკური მუსიკა, სადაც სამუსიკო სკოლებში ბავშვებს არ აქვთ ინსტრუმენტები, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მუსიკა და ყურადღება. ამას მოწმობს „საქართველოს სინფონიეტას“ მიერ განხორციელებული არაერთი რეგიონალური პროექტი, რომელსაც დღემდე ახორციელებს სხვადასხვა სახით.
საქართველოს საკონცერტო დარბაზების გარდა „საქართველოს სინფონიეტა“ კონცერტებს მართავს ისეთ შესანიშნავ დარბაზებში, როგორიცაა: ბერლინის „კონცერტჰაუსი“, ამსტერდამის „კონცერტგებაუ“, მიუნხენის კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი, ჰელსინკის Camerata Hall (ფინეთი), აზერბაიჯანის მუსლიმ მაგომაევის სახელობის სახელმწიფო ფილარმონიის დარბაზი, კომიტასის სახელობის კამერული მუსიკის დარბაზი (სომხეთი) და სხვა.
– „საქართველოს სინფონიეტა“ ხშირად მონაწილეობს ფესტივალებში, თანამშრომლობს მსოფლიოში აღიარებულ ქართველ და უცხოელ მუსიკოსებთან… 
– ორკესტრი რეგულარულად მონაწილეობს ფესტივალებში: „შემოდგომის თბილისი“, „თელავის საერთაშორისო მუსიკის ფესტივალი“, „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“, „სააღდგომო ფესტივალი“, იმლინგის საოპერო მუსიკის ფესტივალი (გერმანია)და სხვა.
2014 და 2017 წლებში, „საქართველოს სინფონიეტა“ მონაწილეობდა  „გოლდბერგის ფესტივალზე“ გდანსკში (პოლონეთი), რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია ალინა რატკოვსკა (კლავესინი, ორგანი, დირიჟორი). „გოლდბერგის ფესტივალზე“ მონაწილეობა უპრეცედენტო მოვლენაა ქართული კულტურისათვის, რამდენადაც ძველებური  მუსიკის ევროპულ ფესტივალში პირველად მონაწილეობდა ბაროკოს ორკესტრი საქართველოდან და 2023 წელს უკვე მესამეჯერ ესტუმრება „საქართველოს სინფონიეტა“ ბაროკოს მუსიკის ფესტივალს პოლონეთში.
„საქართველოს სინფონიეტას“ 15-წლიანი წარმატებული ისტორია უკავშირდება მსოფლიოში აღიარებულ ქართველ და უცხოელ მუსიკოსებთან თანამშრომლობას, მათ შორის გახლავთ: ელისო ვირსალაძე, ელისო ბოლქვაძე, ალექსანდრე კორსანტია, კორნელია ფონ კერსენბროკი,ლევ მარკიზი, კრისტოფ მაიერი, მარკუს პოშნერი, მარინა იაშვილი, ლიანა ისაკაძე, ლიზა ბათიაშვილი, კრისტინე შორნსჰაიმი, ალფრედო ბერნარდინი, ნატალია გუტმანი, ედუარდ ბრუნერი, ჰანს ჰოლიგერი , ფრანსუა ლელუ, მორის ბურგი, გიორგი ალექსიძის თბილისის თანამედროვე ბალეტი, დარიო მარიანელი, ნურჰან არმანი და სხვა.
„საქართველოს სინფონიეტას“ კონცერტები გადაიცემოდა ტელეარხზე: „MEZZO”,  „ARTE” და სხვა. ორკესტრმა ჩაწერა 10 კომპაქტდისკი, რომელიც, ბაროკოდან დაწყებული თანამედროვე კომპოზიტორების ჩათვლით, ყველა ეპოქის მუსიკას მოიცავს.
დაბოლოს, როგორც თეა მუქერია ამბობს, ორკესტრის 15 წლის საიუბილეო წელი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გარეშე არ ჩაივლის. არაერთი განსაკუთრებული კონცერტის გარდა, ორკესტრი უნიკალური დისკის ჩანაწერს გვპირდება და ეს იქნება ბაროკოს პერიოდის იტალიელი კომპოზიტორის, ბენედეტო მარჩელოს სულ ახლახან აღმოჩენილი ნაწარმოების მსოფლიო პრემიერის აუდიოჩანაწერი. დისკის პრეზენტაციას კი 2023 წლის „თბილისის  ბაროკოს ფესტივალზე“ უნდა ველოდოთ,
„თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრს „საქართველოს სინფონიეტას“ უკვე თხუთმეტწლიანი ისტორია აქვს. ეს ბევრი არ არის მაღალი მწვერვალების დასაპყრობად, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან ცოტაა იმ დიდი წარმატებისა და საერთაშორისო აღიარებისთვის, რაც ორკესტრმა უკვე მოიპოვა!„საქართველოს სინფონიეტას“ ისტორია გრძელდება“!

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები