ევგენი პრიგოჟინის აჯანყებამ საბოლოოდ გაანადგურა ვლადიმერ პუტინის, როგორც ბრწყინვალე გეოპოლიტიკური სტრატეგისა და ყველაფრის დამმარცხებელი სამხედრო ლიდერის, ათწლეულების განმავლობაში ნაშენები იმიჯი.
ამის შესახებ Newsweek-ი რამდენიმე ანალიტიკოსთან ინტერვიუზე დაყრდნობით წერს.
სტატიაში ნათქვამია, რომ “2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე პუტინს სტრატეგიული გენიოსის მსოფლიო რეპუტაცია ჰქონდა, რომელმაც საკუთარი კარტის გათამაშება ყოველთვის კარგად იცოდა.
ამ იმიჯის აგებაში პუტინს არა მხოლოდ სახელმწიფო პროპაგანდა დაეხმარა, არამედ სამხედრო ავანტურების სერიაც, რომელიც მისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ესენია – 2008 წლის ხუთდღიანი ომი საქართველოში, რომელმაც “გამოაცხადა რუსეთის სამხედრო ძალად აღორძინება”, ყირიმის ანექსია “გასროლის გარეშე”, რამაც გამოიწვია დასავლეთის მხოლოდ ცივი რეაქცია, ომი დონბასში და ინტერვენცია სირიის სამოქალაქო ომში”.
როგორც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების პროფესორი, ხათუნა მშვიდობაძე ამბობს, „სირიაში დასავლური გეგმების წარუმატებლობამ და ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერამ ის ერთგვარ გეოპოლიტიკურ სტრატეგად აქცია“.
გამოცემა წერს, რომ, დონბასში რვაწლიანი კონფლიქტის შემდეგ, პუტინს სჯეროდა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა რამდენიმე დღეში გამოიწვევდა კიევის აღებას. მაგრამ ეს შეჭრა კრემლისთვის სამხედრო კატასტროფების სერიად და თავად პუტინის იმიჯისთვის მიყენებულ დარტყმად გადაიქცა.
თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის ავტორიტეტს ყველაზე დიდი ზიანი მიადგა “ვაგნერის” აჯანყების დროს და ამ აჯანყებაში ყველაფერი იყო ცუდი – დაწყებული იმით, რომ დაქირავებულებმა ბრძოლის გარეშე როსტოვის დაკავება შეძლეს და შეძლეს მოსკოვამდე, თითქმის მთელი მარშრუტის გავლა და დამთავრებული იმით, რომ აჯანყებულთა დასჯა არ მომხდარა, ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავად პუტინი მოსკოვიდან კრიზისის შუაგულში გაიქცა.
“პუტინი კრიზისიდან დასუსტებული გამოვიდა. აჯანყების დროს არ ჩანდა პრეზიდენტისადმი საზოგადოების მხარდაჭერის ნიშანი და “ვაგნერის” მებრძოლების ორ შეიარაღებულ კოლონას რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან ძლიერი პასუხი არ მიუღიათ”, – განაცხადა სმიტ -კოლეჯის რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის მეცნიერებათა კათედრის დოცენტმა, ტომ რობერტსმა.
მეტიც, „ვაგნერელთა“ აჯანყებამ რუსეთისთვის მძიმე სამხედრო დანაკარგად იქცა. ამბოხებულების მიერ ჩამოგდებული თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების გარდა, რუსეთმა თავად “ვაგნერის ჯგუფიც” დაკარგა, რომელიც ბოლო დრომდე რუსული სამხედრო მანქანის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. თუმცა, ახლა სახელმწიფო პროპაგანდა იძულებულია, გაკიცხოს დაქირავებულები, რომლებსაც სულ ახლახან ადიდებდა.