“ვისურვებდი, რომ ალიანსმა უფრო გაბედული გადაწყვეტილებები მიიღოს, საქართველო ყველა კრიტერიუმს პასუხობს, ბურთი ნატოს მოედანზეა” – ირაკლი ბერაია
“ვისურვებდი, რომ ალიანსის მოკავშირეებმა მეტი გეოპოლიტიკური გამბედაობა გამოავლინონ, გეოპოლიტიკურ მოცემულობას თვალი გაუსწორონ და ასპირანტ ქვეყნებზე უფრო გაბედული გადაწყვეტილებები მიიღონ, საქართველო ნატოს წევრობის ყველა კრიტერიუმს სრულად პასუხობს და ალიანსში გაწევრიანებისთვის მზად არის, ბურთი ალიანსის მოედანზეა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
“სამიტის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი არ გვქონია იმის გათვალისწინებით, რომ სამიტის დღის წესრიგში ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება არც ყოფილა და ამაზე ნატოს ლიდერები ღიად საუბრობდნენ. როცა ევროპის შუაგულში ომია, ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოება არც იყო მოსალოდნელი. საუბარი არ არის ფინეთისა და შვედეთის ალიანსში მიპატიჟებაზე, ეს არის სხვა მოცემულობა.
გადაჭარბებული მოლოდინები იყო უკრაინასთან დაკავშირებით. ალიანსმა თქვა, რომ უკრაინას აქვს ალიანსისკენ გზა Map-ის გარეშე, უკრაინისთვის არსებული მოთხოვნები პრაქტიკულად არ იცვლება. კომუნიკეში პირდაპირ წერია, რომ უკრაინა ნატოში მაშინ იქნება მიწვეული, როცა ამაზე მოკავშირეები შეთანხმდებიან და უკრაინა პირობებს დააკმაყოფილებს.
გვინდა, ალიანსის მხრიდან დავინახოთ, დროული, სამართლიანი და შემხვედრი ნაბიჯები საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით. საქართველო სრულად პასუხობს ნატოს წევრობის ყველა კრიტერიუმს და მზად არის ალიანსში გაწევრებისთვის – ბურთი ალიანსის მოედანზეა“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.