თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ელისე პატარიძის პირადი არქივის ნაწილი გადაეცა – ინტერვიუ გოჩა ჯავახიშვილთან

რამდენიმე დღის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ელისე პატარიძის პირადი არქივის ნაწილი გადმოეცა, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა ჩამოიტანა.

არქივი ქართულ მხარეს ელისე პატარიძის შვილების: ოთარ და თინათინ პატარიძეების გადაწყვეტილებით გადმოეცა.

საარქივო მასალა მოიცავს ქართველი პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის სტატიებს, მოხსენებებსა და პუბლიკაციებს, რომლებიც ქართველი საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი იყო. არქივი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში განთავსდება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ინტერვიუ ვთხოვეთ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილს. გთავაზობთ სრულ ინტერვიუს.

შ.ლ. – ბატონო გოჩა, პირველ ყოვლისა, მადლობა მინდა, გადაგიხადოთ, რომ გამონახეთ დრო და დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარი ხართ.

გ.ჯ. – მადლობა, რომ მომიწვიეთ.

შ.ლ. – რამდენიმე დღის წინ ქართულმა მხარემ შესანიშნავი საჩუქარი მიიღო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ელისე პატარიძის არქივის ნაწილი გადმოეცა. ამ დღეებში ვაპირებ, რომ  ბატონ ოთარს პირადად დავუკავშირდე და აღნიშნული მასალების შესახებ ვრცელი კომენტარი ვთხოვო, თუმცა, მანამდე თქვენთან ინტერვიუთი ვისარგებლებ. რა მნიშვნელოვან დოკუმენტაციაზეა საუბარი?

გ.ჯ. – პირველ ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ ბატონი ოთარი ძალიან გულმოდგინე და გულწრფელი ადამიანია, იგი საქართველოს უდიდესი გულშემატკივარია, რომელიც ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთგვარ მემატიანესაც კი  წარმოადგენს. მას აქვს შექმნილი ბლოგი – „სამშობლო“, სადაც ინტენსიურად ხდება ემიგრაციაში მყოფი ქართველების ისტორიული მეხსიერების განთავსება, რაც თავისი დატვირთვითა და შინაარსით – ფასდაუდებელია!

 შ.ლ. – მე ვიტყოდი, ბატონი ოთარი არის ერთგვარი ჟამთააღმწერელი და ცოცხალი არქივარიუსი, რომელიც დღემდე ფლობს არაერთ  უნიკალურ ინფორმაციას და მჯერა, რომ მისი სახელი მომავალშიც საინტერესო მასალებთან იქნება დაკავშირებული.

გ.ჯ. – ზუსტად ასეა. იგი იმდენად გულწრფელია, როდესაც საქართველოზე საუბრობს, რომ ამას ცრემლის გარეშე ვერ ახერხებს. მინდა, ვისარგებლო დღევანდელი ჩვენი შეხვედრით და მას კიდევ ერთხელ გადავუხადო განსაკუთრებული  მადლობა იმ უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც ჩვენი სამშობლოს წინაშე მიუძღვის.

 შ.ლ – ბატონ ოთარს მართლაც უდიდესი მადლობა ეკუთვნის იმ საქმიანობისთვის, რომელსაც იგი ემიგრაციაში ეწევა, თუმცა, ახლა ერთ ნიუანსზე მსურს, ყურადღება გავამახვილო. საზოგადოებას ამ დღეებში ეცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს, ბატონი ოთარის ინიციატივით, არქივის ნაწილი გადმოეცა. ვინაიდან სიტყვა – „ნაწილი“ ფიგურირებს… ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი ნაწილი საფრანგეთში რჩება… ხომ არ არის იმაზე საუბარი, რომ ეს ორი ნაწილი შეერთდეს და ამ დოკუმენტაციამ ერთი სრული სახე მიიღოს, რომელიც საქართველოში იქნება დაცული?..

გ.ჯ. – მას შემდეგ, რაც საფრანგეთში მოღვაწეობა დავიწყე, მიზნად გავიხადე, რომ მაქსიმალურად ვიყო ჩართული ყველა მნიშვნელოვან პროცესში და მჭიდრო ურთიერთობა ვიქონიო ქართველ ემიგრანტებთან, თუმცა, მათი მხრიდან, როდესაც რაიმე მასალების გადმოცემის საკითხს ვეხებით, დგება ერთი მეტად გასათვალისწინებელი მომენტი. ემიგრანტებისთვის ყოველი ფოტო, წერილი, ნივთი, თუ კიდევ რაიმე სხვა… მშობლების ხსოვნასთან არის დაკავშირებული, რაც ამ ადამიანებისთვის ერთგვარ თილისმას და ავგაროზს წარმოადგენს, ეს რელიკვია კი ემიგრანტების მშობლებს ისტორიულ წარსულში აცოცხლებს… გარდა ამისა, მათ სურთ, დარწმუნდნენ, რომ უნიკალური მასალების გადაცემის შემთხვევაში, ეს საგანძური არ დაიკარგება. ეს ადამიანები გარკვეულწილად პასუხისმგებლობასაც გრძნობენ მშობლების, წინაპრების წინაშე. რაც მათ დღემდე შემოინახეს, არ უნდა დაიკარგოს და განადგურდეს… არქივების გადმოცემის საკითხი დაკავშირებულია სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ არსებულ ნდობასთანაც.  ემიგრანტები იმასაც კი კითხულობდნენ, რა ბედი ეწია იმ საარქივო მასალებს, რომელიც თავის დროზე  საქართველოში გურამ შარაძის დიდი მცდელობით დაბრუნდა…

 შ.ლ. – ძალიან კარგად მესმის ამ ადამიანების, თუმცა, ის, რაც მათთვის კონკრეტული ისტორიული, თუ ემოციური ფაქტორია, საქართველოსთვის შესაძლოა, ეპოქალური მნიშვნელობის იყოს. გარდა ამისა, მგონია, რომ სახელმწიფო გაცილებით უსაფრთხოდ დაიცავს ნებისმიერ მნიშვნელოვან მასალას, ვიდრე ეს კერძო პირობებშია შესაძლებელი.

გ.ჯ. – სრულიად გეთანხმებით. ყოფილა მომენტი, როდესაც ოჯახს, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მასალის გადმოცემის მზადყოფნა გამოუთქვამს. ჩავსულვართ სახლის სარდაფში და დამტვერილ ჩემოდანში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი გვინახავს… არადა ერთმა ფოტომაც კი შესაძლოა, მთელი ისტორია შეცვალოს.

 შ.ლ. –  მშობლების, წინაპრების მიერ დაწერილი წერილები, შედგენილი დოკუმენტაციები, ან… თუნდაც კუთვნილი ფოტოები, ემიგრაციაში მცხოვრები შვილისთვის მართლაც მთელი რელიკვიაა, თუმცა ასევე  მინდა, ყოველი ემიგრანტი დავარწმუნო, ვისზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, რომ მათ ხელთ არსებული უნიკალური მასალები არის ასევე ფასდაუდებელი რელიკვია მთელი საქართველოსთვის!

გ.ჯ – გეთანხმებით! დღეს განსხვავებული ვითარებაა. ემიგრანტებში სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი ნდობა გაიზარდა. ისინი ყველაფერს კარგად ხედავენ და შესაბამისად აფასებენ. მაგალითად, ეროვნული არქივის, ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობას, რომლებიც  აქტიურად არიან ჩართული ყველა მიმდინარე პროცესში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი მნიშვნელოვანი სივრცე შეიქმნა, რომელიც პირველი რესპუბლიკის ისტორიას იკვლევს. ასე რომ, პროცესები გრძელდება და შესაძლოა, ძალიან საინტერესო პროექტებშიც კი გადაიზარდოს. მაგალითად, შეიქმნას ერთიანი ელექტრონული ბაზა, რომელიც საფრანგეთსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტაციას აღრიცხავს. ასეთი პროექტით ბევრი რამ იქნება ცნობილი, თუ რა მასალებს ფლობს ქართული მხარე  – აქ და რა მასალებს ფლობენ ქართველი ემიგრანტები საფრანგეთში.

 შ.ლ. – ასეთი ბაზით შესაძლებელია, ძალიან გაადვილდეს წვდომა უმნიშვნელოვანეს დოკუმენტაციაზე. ეს იქნება ორიგინალისა, თუ ასლების დონეზე…

გ.ჯ. – დიახ, სამომავლოდ არაერთი საინტერესო ჩანაფიქრის განხორციელებაა შესაძლებელი. ლევილის მამულში დაგეგმილია ბიბლიოთეკის, სამკითხველო დარბაზისა და პირველი რესპუბლიკის მუზეუმის გახსნაც. კულტურის სამინისტროს მიერ ამ პროექტის განხორციელება უკვე მიმდინარეობს.

შ.ლ. – დღევანდელი საუბარი სრულიად აპოლიტიკურია, თუმცა, საინტერესოა ჩვენი ისტორიული ემიგრაციის წარმომადგენლების დღევანდელი ხედვა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, თუნდაც, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ მიმართულებებზე. რა ემოციური და აზრობრივი ბმა აქვთ ამ ადამიანებს ჩვენს სამშობლოსთან?

გ.ჯ. – რა საკვირველია, ისინი ძალიან მგრძნობიარედ უყურებენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ამასთან დაკავშირებით, მათში აზრთა სხვადასხვაობაც არის. ზოგს მიაჩნია, რომ საქართველომ გაცილებით მეტად უნდა იაქტიუროს, ზოგიც ფიქრობს, რომ საქართველოს ზომიერი პოლიტიკა საუკეთესო გამოსავალია, მაგრამ… რაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს შეეხება, ამ საკითხში ყველა ერთიანია!

 შ.ლ. – ჩვენი საუბრის ძირითადი დრო მსურს, ერთ მნიშვნელოვან თემას დავუთმოთ. ცოტა ლირიკაშიც კი გადავალ და ასე გკითხავთ, რა მდგომარეობაშია ფრანგული წარმოშობის ქართული მიწა, რომელიც ჩვენი მკითხველისთვის ლევილის მამულად არის ცნობილი. არცთუ ისე შორეულ წარსულში გავრცელდა ინფორმაცია, თუ დეზინფორმაცია, რომელიც დაკავშირებული იყო იქ არსებულ ბიბლიოთეკასთან. იყო საუბარი იმის შესახებ, რომ ნადგურდებოდა წიგნები, დოკუმენტაცია, არქივები… მინდა, ვისარგებლო თქვენთან შეხვედრით და მოვისმინო ის ინფორმაცია, რომელიც ყველაზე მეტად ასახავს იქ არსებულ რეალობას.

გ.ჯ. – დავიწყებ იმით, რომ „ლევილის“ მამული და იქ არსებული შენობა, საქართველოს, ნოტარიული აქტით,  2016 წლის 23 სექტემბერს გადმოეცა. მანამდე ამ შენობას არანაირი ტექნიკური დოკუმენტაციაც კი არ გააჩნდა. რამდენ კვ. მეტრს შეადგენდა საერთო სივრცე ისიც კი არ იყო ცნობილი…

 შ.ლ. – უკაცრავად, მაგრამ ერთი პატარა ჩანართი უნდა გავაკეთო. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მანამდე, ანუ 2016 წლამდე „ლევილის“ მამული საქართველოს იურიდიულად არ ეკუთვნოდა?..

გ.ჯ. – რა საკვირველია!.. მოდით, ამ ისტორიის მოყოლას შორიდან დავიწყებ. მოგეხსენებათ, რომ სამშობლოდან,  საქართველოს პირველი  რესპუბლიკის დევნილი მთავრობის წარმომადგენლები 1921 წლის მიწურულს საფრანგეთში ჩავიდნენ. ზოგიერთმა მათგანმა პარიზში ცხოვრება არჩია, ზოგიერთმა – მარსელში. მოკლედ, მაშინდელი ქართული ემიგრაცია მთელს საფრანგეთში მიმოიფანტა…  1922 წელს, ნოე ჟორდანიას დავალებით, იოსებ ელიგულაშვილმა პარიზიდან 35 კილომეტრის მოშორებით, „ლევილის“ მამული მოიძია, სადაც დევნილობაში მყოფმა მთავრობამ სამშობლოს გათავისუფლების მიზნით, მუშაობა განაგრძო, თუმცა ბოლშევიკების მიერ 1924 წლის ეროვნული აჯანყების სასტიკად ჩახშობის შემდეგ, ახლო მომავალში დამოუკიდებლობის აღდგენის შანსი კიდევ უფრო მცირდებოდა და ამიტომაც საქართველოს ფულით შეძენილი ლევილის მამული 1926 წელს შექმნილ  კერძო ამხანაგობად დარეგისტრირდა იმ მოტივით, რომ საბჭოთა კავშირს, ლევილის ქართული მამულის სამართალმემკვიდრედ არ გამოეცხადებინა თავი და პრეტენზია არ გასჩენოდა საქართველოს კუთვნილ აქტივებზე. მოგეხსენებათ, რომ საქართველო, რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული… საფრანგეთში ნაყიდი მიწა კი, სწორედ, ქართული სახელმწიფოს ფულით იყო შეძენილი…

 შ.ლ. – როგორც თქვენ აღნიშნეთ, ლევილის მამული კერძო ამხანაგობაზე გადაფორმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერიტორია კერძო საკუთრებად გამოცხადდა… ვინ იყვნენ „ლევილის“ მამულის მაშინდელი მფლობელები? არსებობს თუ არა ზუსტი ინფორმაცია?

გ.ჯ. – თავდაპირველად ამხანაგობა შვიდი ოჯახისგან შედგებოდა. ერთ-ერთი ფიგურანტი  ექვთიმე თაყაიშვილიც იყო. მოგვიანებით ამ სუბიექტებიდან დარჩა ხუთი, ვინაიდან, თაყაიშვილმა და კანდელაკმა, ამხანაგობა თავიანთი ნების საფუძველზე დატოვეს.

 შ.ლ. – მოდით, ჩამოვთვალოთ იმ ამხანაგობაში შემავალი ხუთი ოჯახი, რომელიც საქართველოს ქონებას საფრანგეთში განკარგავდა…

გ.ჯ. – ესენი იყვნენ: ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, ევგენი გეგეჭკორის, აკაკი ჩხენკელის და  სამსონ ფირცხალავას ოჯახები. აქ მინდა, ერთ მნიშვნელოვან ფაქტს გავუსვა ხაზი. ამ ოჯახების მიერ შედგა ე.წ. მორალური ანდერძი, სადად დაფიქსირდა ერთ-ერთი განსაკუთრებული პუნქტი. იმ დღეს, როდესაც საქართველო  დამოუკიდებლობას დაიბრუნებდა და საფრანგეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას აღადგენდა,  ქონება ქართველ ერს უნდა გადაცემოდა! თუმცა, ამ ანდერძთან დაკავშირებით, არის ერთი პარადოქსი, მაგრამ – ფაქტი! ქონების დაბრუნების დროს ჩვენ ამ  ანდერძის დედანი ვერ მოვიძიეთ…  ეს იყო ერთი ფარატინა ფურცელი… რომელსაც ნოტარიული ძალაუფლებაც არ გააჩნდა… ვინაიდან ანდერძი არსად იყო დამოწმებული… იგი შედგებოდა მხოლოდ ტექსტისგან, რომელსაც ადამიანები აწერდნენ ხელს. სულ ეს იყო… რატომ მოხდა ასე, ზუსტი პასუხი არ მაქვს, თუმცა ვვარაუდობ, რომ იურიდიული ძალა, დოკუმენტს ისევ და ისევ რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით არ მიენიჭა.

 შ.ლ. – მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარს არ გავაკეთებ… ძალიან საინტერესოა, მაშინ როგორ და რის საფუძველზე დაიბრუნა საქართველომ საფრანგეთში არსებული ქართული მიწა?..

გ.ჯ. – ძალიან დიდი სამუშაოები ჩატარდა. ქონების მემკვიდრეებს ხუთ კონტინენტზე ვეძებდით, სათითაოდ გვიწევდა მათთან დაკავშირება და ნოტარიულად იმის დამოწმება, რომ მათ და მათ შთამომავლებს „ლევილის“ მამულზე რაიმე სახის პრეტენზია არ ჰქონდათ.

 შ.ლ. – ძალიან უცნაურია ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან არაერთი მთავრობა შეიცვალა და მხოლოდ 2016 წელს გახდა შესაძლებელი საქართველოს, საფრანგეთში არსებული, ასე ვთქვათ, პატარა საქართველო დაებრუნებინა… ძნელად მინდა დავიჯერო, რომ მანამდე არანაირი სამუშაოები არ ტარდებოდა, ან ტარდებოდა, მაგრამ ნაკლებ ეფექტურად…

გ.ჯ. – “პატარა საქართველოზე” ერთ რეპლიკას გავაკეთებ. მომავალში „ლევილი“ს მამულში   ქართული რესტორნის გახსნაა დაგეგმილი, ზუსტად ამ სახელწოდებით – „პატარა საქართველო“.

რაც შეეხება გასულ პერიოდს და ქონების დაბრუნების საკითხს, საქართველოსთვის „ლევილის“ მამულის დაბრუნების თემა ჯერ კიდევ 90-იან წლების დასაწყისში დადგა. შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში კომისიაც კი შეიქმნა. მაშინ დაითვალეს, თუ რა ფინანსურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული „ლევილის“ მამულის დაბრუნება და ჩაითვალა, რომ საქართველოს ამ თანხის გადახდის საშუალება არ გააჩნდა…

 შ.ლ. – რა თანხაზე იყო საუბარი, დაახლოებით თუ მაინც არის ცნობილი?

გ.ჯ.- ჩემთვის ახლა რთულია ზუსტი თანხის დასახელება, ეს იყო გაცილებით ადრე, ვიდრე ევროპაში ევრო შემოვიდოდა.

 შ.ლ. – მაინც რა თანხაზეა საუბარი, თუნდაც მაშინდელი ფრანკების ევროში კონვერტაცია რომ გავაკეთოთ?

გ.ჯ. – დაახლოებით, ორ მილიონ ევრომდე დაუჯდებოდა საქართველოს.

 შ.ლ. – და ეს ორი მილიონი ევრო იყო შემაფერხებელი, რომ საქართველოს „ლევილის“ მამული დაებრუნებინა?..

გ.ჯ. – ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ. არც კომპეტენცია მყოფნის და არც ფაქტობრივი ცოდნა, რომ ამასთან დაკავშირებით, რაიმე დაბეჯითებით გითხრათ, თუმცა ჩემთვის ცნობილია, ორი გამოკვეთილი ფაქტორის შესახებ. გარკვეული წინააღმდეგობები არსებობდა თავად ემიგრანტთა ოჯახების წევრებს შორის, რასაც თან ერთვოდა შევარდნაძის პრეზიდენტობის ფაქტორიც… მათთვის საქართველოს იმ დროინდელი პრეზიდენტი საბჭოთა ნომენკლატურად განიხილებოდა… ყოყმანობდნენ, უნდოდათ დარწმუნებულიყვნენ, რომ პირველი რესპუბლიკის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა დამოუკიდებელი საქართველოს ახალგაზრდობას მოხმარდებოდა.

 შ.ლ. – გთხოვთ, მიპასუხოთ, იყო თუ არა იმის საფრთხე, რომ საქართველოს „ლევილის“ მამული დაეკარგა?..

გ.ჯ.- დიახ, ამის რეალური საფრთხე არსებობდა!.. რადგან ყველაფერთან ერთად ლევილის მერიასაც ჰქონდა ქონებრივი პრეტენზია… ადგილი, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, საოცარი სილამაზით გამოირჩევა და ბუნებრივია, იქაურ მუნიციპალიტეტს ამ ტერიტორიის დაკარგვა არ სურდა.

 შ.ლ. – ჯამურად, რა ფართობზეა საუბარი?

გ.ჯ. – საქართველოს საკუთრებაში ამჟამად დაახლოებით 4 ჰექტარია და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უკვე საფრანგეთის კომერციულ რეესტრშიც ინახება.

 შ.ლ. – ახლა კიდევ მეტად ვუფიქრდები „ლევილის“ ბედის შესახებ თქვენ მიერ მოყოლილ ისტორიას და შემიძლია, ვთქვა, რომ ძალიან გაგვიმართლა… ძალიან გაგვიმართლა ვინაიდან, თუნდაც ერთი ადამიანი, რომ ყოფილიყო და ამა თუ იმ მიზეზით უარი განეცხადებინა ქონების დაბრუნებაზე… ხომ დასრულებული იქნებოდა ყველაფერი?..

გ.ჯ. – რა საკვირველია!.. თქვენ კარგად ხვდებით ეს პროცესი რა რთული და შრომატევადი იყო.  სათითაოდ ვაწარმოებდით ადამიანებთან მოლაპარაკებებს. იყო შემთხვევები, როდესაც თავად ოჯახების წევრებს შორისაც იყო აზრთა სხვადასხვაობა და ამ განსხვავებულ მოსაზრებებს დიდი ჰარმონიულობა არ ახლდა თან…

 შ.ლ. – გისმენთ და ძალიან გაოცებული ვარ, იმდენი ახალი და მნიშვნელოვანი დეტალი გამიმხილეთ…

გ.ჯ.- მე ახლა პირველად ვსაუბრობ ამ ნიუანსებზე და მართალი გითხრათ, ვფიქრობდი, ერთ მშვენიერ დღეს წიგნი დამეწერა, სადაც ამ ყველაფერს აღვწერდი…

 შ.ლ. – ვისარგებლებ თქვენი ინფორმაციული გულუხვობით და უფრო ჩავუღრმავდები საქართველოსთვის „ლევილის“ გადმოცემის საკითხს… რამდენიმე წუთის წინ ეს სიტყვა გამოვიყენე – გაგვიმართლა-თქო… არის რაიმე ისეთი დეტალი, რომელმაც ეს გამართლება, თუნდაც ნაწილობრივ განაპირობა?..

გ.ჯ. – მაშინ, ცოტა შორიდან დავიწყებ… მოგეხსენებათ, რომ ნიკოლა სარკოზის საგარეო პოლიტიკის ყველაზე დიდი მიღწევა 2008 წელს, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტის ეგიდით წარმოებული მედიაცია და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება იყო… 2011 წელს საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ მეორე ვადითაც ეყარა კენჭი და საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა კვლავ წამოაყენა. მის ადმინისტრაციაში კარგად იცოდნენ, თუ რა დადებითი დატვირთვა ჰქონდა სარკოზის რეპუტაციისთვის საქართველოსთან არსებულ საკითხს. ერთხელაც ისე მოხდა, სარკოზის მრჩეველი დამიკავშირდა და მითხრა, რომ პრეზიდენტისთვის სიტყვის მომზადება ჰქონდა დავალებული. ამ ადამიანთან ვმეგობრობდი და „ლევილში“ დავპატიჟე, ვუთხარი, რომ კარგი იქნებოდა, თუ სარკოზი ლევილის მამულს მის სიტყვაში, როგორც ორ ქვეყანას შორის მეგობრობის კონტექსტში ახსენებდა. ამ დიპლომატმა „ლევილის“ შესახებ არაფერი იცოდა და მთხოვა პრეზიდენტის წინასაარჩევნო სიტყვის მომზადებაში მისთვის დახმარება გამეწია. ასე აღმოჩნდა ნიკოლა სარკოზის გამოსვლაში ჩემი დაწერილი ტექსტის ნაწილი, რომელიც საფრანგეთში, ქართულ მიწას უკავშირდებოდა… გარდა ამისა, მოხდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. საფრანგეთის კანონმდებლობით, გადასაცემი ქონების ღირებულების 60% ბიუჯეტს ბეგარის სახით მიაქვს. საქართველო ამ ფინანსურ გადასახადსაც ასცდა…

 შ.ლ. – გაოცებული ვარ, იმდენ ახალ დეტალს შეიტყობს ჩვენი დღევანდელი ინტერვიუს მკითხველი… თუმცა გაოცებასთან ერთად ვარ გაოგნებულიც, როდესაც კიდევ ერთხელ ვუფიქრდები, რომ ეს ყველაფერი შეიძლება დაკარგულიყო… აქ არ არის საუბარი, მხოლოდ მატერიალურ ფასეულობაზე, აქ მოიაზრება სულიერი და ისტორიული კავშირები!..

გ.ჯ. – რა საკვირველია… თუმცა, ასე მარტივად მაინც არ დათმობდა საქართველო, მაგრამ ძალიან დიდი სამუშაო იყო გასაწევი, რომ ამ შედეგამდე მივსულიყავით… კარგად მახსოვს, მოლაპარაკების პროცესში გარდაიცვალა ნათელა ჟორდანია, 97 წლის ასაკში… ცოტა ხნის შემდეგ გივი ჩხენკელიც გარდაიცვალა… გარდა ამისა, იყო კიდევ ერთი საფრთხეც. პირველი რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლებს „ლევილის“ მამულში არსებული შენობის მოვლის საშუალება არ ჰქონდათ, რის გამოც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხრიდან შენობის სიძველისა და იქ მცხოვრებთა სიცოცხლისთვის საფრთხეების გათვალისწინებით მისი დაყადაღების ალბათობა იზრდებოდა… იყო რისკი, რომ ლევილის მამული ყვითელი ლენტით შემოეღობათ, ავარიული მდგომარეობის გამო, შენობა საცხოვრისად უვარგისად გამოეცხადებინათ.

 შ.ლ. – რა ვთქვა, არც კი ვიცი… თუმცა, უდიდესი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ ძალიან საინტერესო  საუბრისთვის. ძალიან დიდი დრო დაუთმეთ ჩვენს აუდიტორიას და ამისთვისაც მადლობას მოგახსენებთ.

გ.ჯ. – დიპლომატიური მისია ჩემი საქმიანობის ნაწილია. ეს არ ნიშნავს გოჩა ჯავახიშვილის განსაკუთრებულ ღვაწლს. ჩემი ქვეყანა იქ, პარიზში  ხელფასს მიხდის იმისთვის, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო საკითხებზე ვიმუშაო. სულ იმას ვფიქრობ, რომ იმ გადახდილი ხელფასის საპირწონე რაიმე საქმე გავაკეთო და ფუჭად არ მოვცდე…

 შ.ლ. – საქმისადმი თქვენი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ნამდვილად ჩანს და ეს, უკვე ფაქტია. მჯერა, ამ ინტერვიუს დასრულების შემდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი გადაგიხდით მადლობას. თანამდებობაზე კეთილსინდისიერად მუშაობა, სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე… ეს არის ღვაწლი!

გ.ჯ. – თუკი რაიმეს ვაკეთებ, ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეა. არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც დღესაც ვუმტკიცებ, რომ საქართველო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ აღმოცენებულა! ყველას ვეუბნები, რომ ევროპული დემოკრატიული ღირებულებები და შესაბამისი სტანდარტები  საქართველოში ჯერ კიდევ 105 წლის წინ იყო მყარად დანერგილი.

 შ.ლ. – ძალიან დიდ პატივს ვცემ ევროპულ ღირებულებებს, მაგრამ ევროპამ უნდა იცოდეს ან გაიხსენოს მაინც, რომ ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესში, საქართველო მათზე, მართლაც გაცილებით ადრე მონაწილეობდა…

გ.ჯ. – დიახ. საფრანგეთი დაელოდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებას, რომ ქალებს არჩევნებში ხმა მიეცათ, ეს იყო 1946 წელი… შვეიცარიელმა ქალბატონებმა კი ხმის მიცემის უფლება 70 წლებიდან მოიპოვეს…

 შ.ლ – ბატონო გოჩა, იმდენად საინტერესო მოულოდნელობით წარიმართა ჩვენი ინტერვიუ, რომ ერთ-ერთ მთავარ კითხვაზე პასუხი ობიექტურად დაყოვნდა. კიდევ ერთხელ გკითხავთ „ლევილის“ მამულში არსებულ ბიბლიოთეკაზე და იქ არსებული მდგომარეობის შესახებ…

 გ.ჯ.- კრიტიკა მნიშვნელოვანია, თუ ჯანსაღია და ობიექტური, მაგრამ ტენდენციურობაა საწყენი. ლევილის მამულში რომ შეხვალთ, აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას აღდგენილი გალავანი, ასევე ულამაზესი პარკი, რომელიც საქართველოსთვის გადმოცემამდე ნამდვილ ჯუნგლებს მოგაგონებდათ. უმძიმესი ვითარება იყო… მას შემდეგ რაც „ლევილის“ მამული საქართველოს ოფიციალურად გადმოეცა, ჩატარდა ბაღის ინვენტარიზაცია, განხორციელდა შენობა-ნაგებობების კანონით გათვალისწინებული, სავალდებულო ექსპერტიზები, კვლევები, რათა რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ყველა საჭირო ნებართვა მიგვეღო რეგიონალური თუ მუნიციპალური სამსახურებიდან და ა.შ. ის, რაც ადრე სოციალური ქსელით გავრცელდა, თითქოს ბიბლიოთეკა განადგურების პირას იყო… ეს არ იყო ბიბლიოთეკა! ეს იყო სხვენი. ვერსალის შატოს სხვენშიც, რომ ავიდეთ, აბლაბუდას იქაც ვნახავთ… როდესაც  ადამიანი ნეგატივის დანახვის განზრახვით მიდის სადმე, ის დადებითს ვერ დაინახავს. ამიტომ ეს ე.წ. მამხილებელი ფოტოები ძალიან ტენდენციურ და მიკერძოებულ ხასიათს ატარებდა. ის, რომ იქ ყველაფერი იდეალურად არ იყო, ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცოდით. ადგილობრივი მერიაც კი გვახსენებდა ამას და მოგვიწოდებდა, რომ შენობა უმძიმეს მდგომარეობაში იყო და სასწრაფო რეკონსტრუქციას საჭიროებდა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, იმ პერიოდში „ლევილის“ მამული წარმოადგენდა კერძო საკუთრებას და სიტუაციის გამოსწორების რაიმე ბერკეტი პრაქტიკულად არ გაგვაჩნდა…

 შ.ლ. – ფაქტობრივად გამოდის, რომ ლევილის მამული, მთელი თავისი ინფრასტრუქტურით ბედის ანაბარად იყო მიტოვებული…

გ.ჯ.- დიახ, ასეა… იმ რამდენიმე ოჯახის ანაბარა იყო, ვინც იქ ცხოვრობდა ან საზაფხულო აგარაკად იყენებდა. ასოციაცია „ქართული კერა“ შეძლებისდაგვარად უვლიდა, მაგრამ მათაც ძალიან მწირი შესაძლებლობები ჰქონდათ. არც ვიცი, ჩვენი ფორმატი ითხოვდა თუ არა ამ დეტალების გახსენებას, მაგრამ მოგახსენეთ, რადგან შეგატყვეთ, რომ თქვენგან დიდი ინტერესი იყო.

 შ.ლ. – ორიოდე სიტყვით იმ ე.წ. ქართული სასაფლაოს შესახებაც, რომ გვიამბოთ, რომელიც ლევილში მდებარეობს…

გ.ჯ. – ეს სასაფლაო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. ფრანგული კანონმდებლობით, თუ ადამიანი იმავე მუნიციპალიტეტის მკვიდრი არ არის, იმ ტერიტორიაზე დაკრძალვის უფლება არ აქვს, თუმცა საქართველოსა და საფრანგეთს შორის დაუწერელი კანონი მოქმედებს და ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ გრიგოლ რობაქიძე, თავის დროზე ლევილის პანთეონშია გადმოსვენებული და დაკრძალული, ასევე მიხაკო წერეთელი, ბევრი კიდევ სხვა ღვაწლმოსილი ადამიანია. თუნდაც ნოე ჟორდანია… ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ იგი ჯერ ქ. „ვანვის“ სასაფლაოზე დაკრძალეს, მოგვიანებით კი „ლევილის“ პანთეონში გადაასვენეს.

 შ.ლ. – ცოტა ხატოვნად გამომივა, ახლა რასაც გავახმოვანებ… ფრანგული წარმოშობის ქართულმა მიწამ თავისი შვილები მოიხმო მათივე გარდაცვალების შემდეგ…

გ.ჯ. – აი, ზუსტად ასე გამოვიდა… ყველა ერთად შეიკრიბა…

 შ.ლ. – ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, თქვენ, ამ საინტერესო ინტერვიუსთვის! ჩვენი საუბარი დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა და თქვენ ხართ იმ დიდი ქართველის სულისკვეთების გამტარი, რომელიც ყველა ჩვენგანის წინაპარია და სამაგალითო ადამიანი!

გ.ჯ. – ჩემთვის ესეც დიდი პასუხისმგებლობაა. დიდ მადლობას მოგახსენებთ ინტერვიუს საინტერესოდ წარმართვისთვის.

სპეციალურად “კვირასთვის” მოამზადა შალვა ლონდარიძემ. სარედაქციო თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები