„ერთი 60 წლით უფროსი სომეხი ძმაკაცი მყავდა“ – საოცარი ისტორია ადამიანზე
ერთი 60 წლით უფროსი სომეხი ძმაკაცი მყავდა, არტაშა, ჭადრაკს ვეთამაშებოდი ხოლმე ყოველ დღე, ადრეც დამიწერია მასზე. ძალიან საინტერესო ადამიანი იყო და თამაშისას სულ ვლაპარაკობდით.
ერთხელ ძალიან დამწუხრებული დავუჯექი დაფასთან და მკითხა, რა იყო გურამჯან, ვინ დაგასევდიანა ასეო.
რაღაც “წრეზე” დავდიოდი და ერთი გოგო მომწონდა, ვისაც შეყვარებული ჰყოლია და მეგონა ცხოვრება დასრულდა და აზრი დაკარგა ყველაფერმა, ამიტომ ჭადრაკსაც აბდა-უბდად ვთამაშობდი, ხათრით.
ვუთხარი, ეს ამბავი და მეუბნება ასეთ რამეს: ცხოვრებაში სულ ორჯერ ვიყავი უბედური, როდესაც მუშაობის ხუთი წლის თავზე მივხვდი, რომ სადრაფში ვატარებდი ცხოვრებას და მოკლებული ვიყავი იმ გართობას, რასაც ჩემი თანატოლები და როცა ცოლი მომიკვდაო.
პირველად, მივედი ფართლეულობის მაღაზიაში, სადაც გამყიდველი ვიყავი და სურვილი გამიჩნდა ამომეღო ასანთი, მიმეცა ცეცხლისთვის მაღაზია და წავსულიყავი ციხეში, სადაც რაღაც მაინც შეიცვლობოდა, რუტინას თავს დავაღწევდი და “ერთიდაიგივეობას” (დილით მიდი მაღაზიაში გადასასვლელ ხიდთან, გააღე, გაიკეთე ფართუკი, შესვენებაზე ჭამე კატლეტი და დალიე ლიმონათი, საღამოს ტრამვაიში აიღე ბილეთი, მიდი სახლში და ჭამე ცოლის გაკეთებული ტოლმა, დაიძინე, რომ დასვენების კვირას მაინც გასეირნო ქალაქში და თვეში ერთხელ ითამაშო ჭადრაკი მეგობრებთან ერთად) გავექცეოდი და ვიცხოვრებდი სხვანაირი ცხოვრებით, რომელიც არ ვიცოდი, როგორი უნდა ყოფილიყოო.
ჰოდა, იდგა თურმე ამ თავის დახლთან ავისმომასწავლებელი აზრებით, როცა შემოსულან დედა-შვილი. გოგოს სასკოლოდ კაბის შესაკერი ნაჭერი უნდა აერჩია და დედა არ ყიდულობდა, რადგან ეძვირებოდაო. მოუჭრია ამ კაცს ნაჭერი და უჩუქებია. მაინც უნდა დავწვა და მეტრა-ნახევარი აქეთ-იქით, რა აზრი ექნებოდაო.
წასულა სახლში. ვერ გაუბედავს და გაუგრძელებია თავისი სევდა მანამ, სანამ ისევ არ უნახავს ეს გოგონა, კაბით. მისი ნაჩუქარი ნაჭრით შეკერილი, ბედნიერი, დედასთან ერთად, მაგიდის გადასაფარებელ “კლიონკას” რომ არჩევდა.
არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ჩემში რაღაც გადასხვაფერდაო. ამ ფერად, ჭრელაჭრულა ნაჭრებს სხვანაირად შევხედე და მერე, მთელი ცხოვრება (40 წელი იმუშავა იმ ადგილას), დილით სამსახურში მისვლა მიხაროდაო. 4 კლასის განათლება მქონდა და მე კი მაღაზიის დირექტორობაზე მქონდა პრეტენზია პირველივე წელსო (მერე ორჯერ უთქვამს უარი ამაზე). გადავუსმვამდი ხოლმე ხელს ნაჭერს და წარმომედგინა, როგორ დატრიალდებოდა სარკის წინ 7 წლის გოგონა, 22 წლის პაემანზე მიმავალი ბიჭი, თუნდაც ქვრივი როგორ გადაიტანდა თავის უკიდეგანო სევდას შავ ნაჭერზე და მეც რომ გულით მივუსამძიმრებდი და ცოტა მეტს მოვუჭრიდი, ვიდრე ეკუთვნოდა, თავსაფრისთვისაცო.
მაბედნიერებდა შვანიძორიდან გამოგზავნილი სუჯუკი, თხლად რომ დავჭრიდი და მეზობელს შევაწოდებდი, ის კი ხელებს გაიფშვნეტდა და იმავე თეფშით, ვთქვათ, კარალიოკს გამომიგზავნიდა და ახლა მე მოვიფშვნეტდი ხელებს და ვახშამზე შევიპატიჟებდიო.
ცოლის სიკვდილმა ისევ დამამწუხრა. ცხოვრების აზრი დავკარგე, სანამ ისევ ბავშვმა არ მიშველა, შვილიშვილი ჩამიჯდა კალთაში და მითხრა, სანამ ცოცხალი იქნები, არასდროს მოგშორდები და მე გაჩუქებ სიყვარულსო. უფროსი ბიჭი ცალკე ცხოვრობდა და მისი შვილები, თვეში ოთხჯერ, აუცილებლად მიდიოდნენ პაპამისთან. ელაპარაკებოდნენ და სადილობდნენ ერთად, სიყვარულით.
შენც მაბედნიერებ, როცა ყოველ დღე ჭადრაკს მეთამაშები, როდესაც მიგებ და ვიცი, ამაში ჩემი წვლილიცაა, რადგან მე გასწავლე თამაში და უკვე 14 წლისა ხანდახან მჯობნი კიდეცო. ისიც მაბედნიერებს, მე რომ გიგებ, რადგან მიხარია მოგება და მიხარია, რომ კიდევ ერთი დღე გამითენდა იმისთვის, რომ გეთამაშოო.
ატრაშა 82 წლისა გარდაიცვალა. მის გასვენებაში არ მივსულვარ. შემეძლო, მაგრამ არ წავედი. ცოცხლად დავიტოვე ჩემთვის, ეს, ერთი შეხედვით, პატარა, მაგრამ ძალიან საინტერესო ადამიანი სამყაროსთვის.
ეს ამბავი მახსოვს, მას შემდეგ სულ ვცდილობ ჩემში გავზარდო ნიჭი ბედნიერად ყოფნისა, რადგან ამასაც ვარჯიში სჭირდება. არტაშა ათეისტი იყო, არ სწამდა მარადიული ცხოვრების, მაგრამ მაინც იმედიანი კაცი იყო, მე ვფიქრობ, რომ ადამიანი არ კვდება, ის ფორმას იცვლის და მას (როგორც ერთმა კარგმა მღვდელმა, გიორგი წეროძემ დაწერა სადღაც) “მისჯილი აქვს” მარადიული სიცოცხლე. მე ასე ვცდილობ პატარა სიხარულების შემჩნევას და ბედნიერ მომენტებზე ჩაჭიდებას, რაც კარგი ენერგეტიკული საწვავია იმისთვის, რომ შეირგო ყოველი წამი და სიტუაცია, რაშიც ვართ. ლიტერატურაც ხომ ესაა: მომენტების ხელოვნება, მომენტებისა, რომელთაც გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ ავტორი ხედავს და მკითხველი კი – ვერ. ჩვენ საკუთარი ცხოვრების მკითხველები ვართ (ხან ასეც არ გამოდის), ამ დროს, გვაქვს უნარი ვიყოთ მწერლებიც და დავინახოთ ჩვენი, გმირების მოგზაურობა მთელ წრფეზე, ტეხილებით.
ბედნიერ დღეს გისურვებთ. მთავარია, შეამჩნიოთ ეს დღე.
გურამ მეგრელიშვილი