კომიტეტებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

პარლამენტის ინფორმაციით, ანგარიში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა წარადგინა. მისი განცხადებით, 2023 წლის 20 ივნისს მონაცემთა დაცვის ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ევროპულ მონაცემთა დაცვის საბჭოს დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების შესახებ.

„ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა ქართული სახელმწიფოსთვის და განსაკუთრებით, ჩვენი სამსახურისთვის”, – განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.

მომხსენებელმა ისაუბრა სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის მიმართულებებზე, როგორიცაა: სამართალდამცავი ორგანოების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება; ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი; ფიზიკურ პირთა ხელმისაწვდომობა საკუთარ მონაცემებზე; მონაცემთა უსაფრთხოება; არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვა; შრომით ურთიერთობებში პერსონალური მონაცემების დაცვა; ვიდეოთვალთვალი; ჯანდაცვისა და საფინანსო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დამუშავება. ლელა ჯანაშვილის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში სამსახურმა ჯამში მიიღო, 247 განცხადება-შეტყობინება, რაც მზარდი ციფრია გასული წლების სტატისტიკასთან შედარებით. მომხსენებლის განცხადებით, სამსახურმა 2022 წლის მანძილზე ჩაატარა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების 149 შემოწმება-ინსპექტირება, რომელთაგანაც 101 იყო არაგეგმური, ხოლო 48 – გეგმური. როგორც ჯანაშვილმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში სამსახურმა მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 157 ფაქტი დაადგინა. ინსპექტირების შედეგად, მონაცემთა 123 დამმუშავებელს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი.
გამოვლენილ სამართალდარღვევათაგან მონაცემთა 86 დამმუშავებელს დაეკისრა ჯარიმა, ხოლო 37-ს – გაფრთხილება. ლელა ჯანაშვილის ინფორმაციით, სამსახურმა შესასრულებლად გასცა სავალდებულო 222 დავალება და რეკომენდაცია. მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით სამსახურის მიერ გაწეულ მუშაობაზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იტალიისა და ხორვატიის პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მან დეპუტატებს ასევე გააცნო შიდა ორგანიზაციული მართვის საკითხები.

„საანგარიშო პერიოდის მაჩვენებლებმა გვაჩვენა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არის პროგრესის რეჟიმში, უკლებლივ ყველა ინდიკატორის მიხედვით გაუმჯობესებული და სრულყოფილი. იმედი გვაქვს, რომ პროგრესის ტენდენცია შენარჩუნდება და გაგრძელდება”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები