მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირში სჭირდებათ ერთი ხმა საქართველოდან, ხმა – რომელიც კითხვის ნიშნებს კი არ გააჩენს, გააქრობს
გასულ კვირას ჩვენ მოვისმინეთ ევროკომისრის შუალედური შეფასება 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესთან დაკავშირებით. სრული ანგარიშის და საბოლოო დასკვნების გაკეთებამდე, ჯერ კიდევ არის დროც და საქმეც. ამ საქმეს მხოლოდ ჩვენ, საპარლამენტო უმრავლესობა ვერ მივიყვანთ ბოლომდე, ვიდრე ამ დარბაზში მყოფი ოპოზიციის მთავარი მიზანი ქვეყნის არევა იქნება და ამ მიზნისთვის საბრძოლო იარაღად კანდიდატის სტატუსს გამოიყენებთ, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
როგორც მან აღნიშნა, ამ საქმეს მხოლოდ ხელისუფლება ვერ მიიყვანს ბოლომდე, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოების ე.წ ელიტური ნაწილი, ეძებს გზებს, როგორ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
„ეს მაშინ, როდესაც ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე ორად გაყოფილი მოლდოვას სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებაზე მეტად, თუ არა ნაკლებად, ნამდვილად არ ლობირებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ხელისუფლების წილ პასუხისმგებლობას ვერ ვგრძნობ, ან არ ვიცი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ევროკავშირში სჭირდებათ ერთი ხმა საქართველოდან, ხმა რომელიც კითხვის ნიშნებს კი არ გააჩენს, გააქრობს.
ახლა არ ჩამოვთვლი ამ ერთი წლის განმავლობაში თქვენს და თქვენი ბელადის მიერ ნაწარმოებ მავნებლურ კამპანიებს, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩემს სამშობლოს“, – მიმართა კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციას.
მისი თქმით, 9 წლის წინ, 2014 წლის 27 ივნისს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი და ამ დღიდან, ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების საქმიანობა ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების უმაღლესი დონის მიღწევას და ევროპის ეკონომიკურ სივრცეში ღრმა და ყოვლისმომცველ ინტეგრაციას ისახავს მიზნად.
„ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი სწორედ ასოცირების შეთანხმების წარმატებული შესრულების, საქართველოს კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ნების გათვალისწინებით გააკეთა გასულ წელს. ევროპული პერსპექტივის მონიჭებით გაჩნდა ახალი, ისტორიული შესაძლებლობა, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.