გიგი უგულავასა და პროკურორს შორის დაპირისპირება მოხდა

გიგი უგულავასა და პროკურორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ბრალდებული ბრალდების მხარეს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს. დედაქალაქის ყოფილი მერის პროტესტი პროკურორის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომლის მიხედვით, ტელეკომპანია “იმედის” საქმეზე, მათ შორის ტელევიზიაში შეჭრის ფაქტზე, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უგულავას თქმით, “იმედის” დარბევის საკითხზე მას ბრალი არ აქვს წაყენებული და, შესაბამისად, პროკურორის მხრიდან სასამართლო პროცესზე ამ თემის გაჟღერება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
“გადაუჭარბებლად ვიტყვი, აი ამ პროკურორმა დამდო ბრალი იმაში, რაშიც ბრალი არ მაქვს წაყენებული, ის შეგნებულად იტყუება. ამიტომ უნდა მოვითხოვო მისგან ბოდიშის მოხდა“, – აღნიშნა გიგი უგულავამ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ არ დაიკითხებიან იმ აუდიტორული დასკვნის ავტორები, რომლის მიხედვით, თბილისის მერიამ რიყე საბაზრო ღირებულების შესაბამის ფასად გამოისყიდა. დაცვის მხარის ეს მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. “ეს დოკუმენტი ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულების გარეშე, წერილობითი მტკიცებულების ფორმით წინა სასამართლო პროცესზე დავურთეთ, მხოლოდ ამ დოკუმენტის საფუძველზე მოითხოვა დაცვის მხარემ დოკუმენტის შემდგენი პირების დაკითხვა, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ მოთხოვნას კანონიერი საფუძველი არ გააჩნდა“,-განაცხადა პროკურორმა გიგა ძნელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები