“თუ პრიგოჟინი და “ვაგნერი” ბელარუსში აღმოჩნდებიან, ნატოს აღმოსავლეთის საზღვრის გაძლიერება იქნება საჭირო” – გიტანას ნაუსედა
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ რუსეთში ნებისმიერი შიდა აჯანყება აუცილებლად აისახება მეზობელი სახელმწიფოების უსაფრთხოებაზე.
ამის შესახებ მან ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
როგორც ნაუსედამ აღნიშნა, რუსეთის რეჟიმმა აჩვენა თავისი დაუცველობა “ვაგნერის ჯგუფის” დაქირავებული მებრძოლების მოქმედების ფონზე. ამიტომ, სამომავლოდ მსგავსი ან უფრო დიდი მასშტაბის გამოწვევებია მოსალოდნელი.
„მოვლენების თანმიმდევრობამ აჩვენა, რომ მეფე შიშველია და რომ ასეთი კოლონები შესაძლოა, საკმარისად შორს წავიდნენ, რომ რეჟიმისთვის ფუნდამენტური საფრთხის მატარებელი გახდნენ”, – თქვა მან.
ნაუსედას თქმით, ლიეტუვისთვის დამატებითი საფრთხის ფაქტორი, შესაძლოა იყოს „ვაგნერის ჯგუფის“ ბელარუსში გადასვლა. ეს ნიშნავს, რომ ლიეტუვისა და ნატოს აღმოსავლეთ საზღვრების უსაფრთხოება უნდა გაძლიერდეს.
23 ივნისის საღამოდან “ვაგნერსა” და რუსეთის ხელმძღვანელობას შორის, ფაქტობრივად, ძალისმიერი დაპირისპირება იყო. სპეციალურ მიმართვაში, კრემლის ლიდერმა სამოქალაქო ომსა და აჯანყებაზეც ისაუბრა.
უკვე 24 ივნისის საღამოს, ბელარუსის ლიდერთან საუბრის შემდეგ, პრიგოჟინმა თქვა, რომ მისი მებრძოლები უკან, საველე ბანაკებში ბრუნდებიან. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დაიხურება და ის “ბელარუსში წავა”.