Times – “ბრძოლა პუტინის რეჟიმის ფარგლებშია და არა – მის წინააღმდეგ”
კერძო სამხედრო კამპანიის “ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წარუმატებელი სამხედრო გადატრიალება ცხადყოფს კრემლის ლიდერის სისუსტეს და მის შესახებ დასავლეთის მოძველებულ წარმოდგენებს.
ამის შესახებ The Times-ი წერს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ლიდერის სიძლიერე ეყრდნობა კომპეტენტური და გაბედული ადამიანის რეპუტაციას, ბოლო დროს ეს მისი იმიჯი გაცვეთილად ჩანს და სახელმწიფო მედიაც კი მის მცირედ კრიტიკასაც ბედავს.
“არავინ ფიქრობს, რომ ფრონტზე რუსეთისთვის ყველაფერი კარგად მიდის, დებატები მხოლოდ იმაზეა, თუ ვინ არის დამნაშავე – ნატოდან დაწყებული, სამხედრო ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობით და კორუფციით დამთავრებული, რაც პუტინისთვის ძალიან საშიშია.
პრიგოჟინის დემარშმა კიდევ უფრო შეარყია რუსეთის ლიდერის იმიჯი და მრავალი კითხვა უპასუხოდ დატოვა. რატომ ვერ შეძლო აჯანყების თავიდან აცილება ნაქებმა “ფეესბემ”? დონის როსტოვის მოსახლეობა მიესალმა “ვაგნერის” ჯარებს, როდესაც ისინი ქალაქში შევიდნენ – ვის დაუკრავენ ისინი შემდეგში ტაშს?
იმის მაგივრად, რომ გამოეყენებინა მომენტი და გაეძლიერებინა თავისი, როგორც ძლიერი ლიდერის რეპუტაცია, პუტინი ჩვეულებრივზე მეტად, მოვლენებისგან ჩამოშორებულად ჩანდა. ჭორების იმის შესახებ, რომ ბუნკერში დაიმალა, მშიშარა ადამიანად გამოაჩინა.
მაგრამ შელახული პუტინი შესაძლოა, უფრო საშიში იყოს.
რაც უნდა იყოს, მომავლის ყველაზე სავარაუდო პერსპექტივაა – პუტინთან თუ მის გარეშე, რუსეთში ქაოსის გაძლიერება.
საბჭოთა სტილში ტერიტორიულ საფუძველზე დაშლა ნაკლებად სავარაუდოა. უფრო დამაჯერებელია კლანების მტრობა, რომლებიც იცავენ თავიანთ აქტივებს და ცდილობენ კონკურენტებს მეტი მოჰპარონ. ბრძოლა რეჟიმის ფარგლებშია და არა მის წინააღმდეგ.
მომხდარი, რა თქმა უნდა, კარგი ამბავი იყო უკრაინისთვის.
მთავარი პრაქტიკული ეფექტი იყო რუსეთის თავდაცვის შესუსტება. სახლში არეულობა ძირს უთხრის ფრონტზე არსებულ სულისკვეთებას. დეზერტირების, ამბოხების და ტყვედ ჩავარდნის ზრდასთან ერთად, გადაწყვეტილების მიმღებებში ნდობის დაკარგვა იწყება. ამ თვალსაზრისით, რაც უფრო ცუდია ვითარება რუსეთში, მით უკეთესი“, – ნათქვამია Times-ის მასალაში.