რუსეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
რუსეთის გენერალური პროკურატურა ადასტურებს, რომ „შეიარაღებული აჯანყების ორგანიზებისთვის“ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
მათივე ცნობით, დანაშაული 12-იდან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„2023 წლის 23 ივნისს, რუსეთის ФСБ-ს საგამოძიებო დეპარტამენტმა კანონიერად და გონივრულად აღძრა სისხლის სამართლის საქმე პრიგოჟინ ე.ვ.-ს წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 279-ე მუხლით შეიარაღებული აჯანყების მოწყობის ფაქტზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი რუსულ არმიას „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს. რუსეთის თავდაცვის უწყებაში პრიგოჟინის ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს საინფორმაციო პროვოკაციას.