პრიგოჟინი: ეს სამხედრო გადატრიალება არაა, სამართლიანობის მარშია – ჩვენ 25 ათასი ვართ და გასარკვევად მივდივართ, თუ რატომ ხდება ქვეყანაში ქაოსი
რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ „ვაგნერის“ სამხედრო ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმას, მათი მხრიდან საპასუხო მოქმედები მოჰყვება.
მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან გასარკვევად მიდიან, თუ რატომ ხდება ქვეყანაში ქაოსი.
„შოიგუ როსტოვიდან გაიქცა. ლაჩრულად გაიქცა, როგორც ქალაჩუნა. იმისთვის, რომ არ აესხნა, რატომ ასწია ვერტმფრენები ჩვენი ბიჭების გასანადგურებლად, რატომ ახორციელებდა სარაკეტო დარტყმებს. ეს ნაძირალა შეჩერებული იქნება… ეს სამხედრო გადატრიალება არაა, ეს სამართლიანობის მარშია. ჩვენი ქმედებები არანაირად არ უშლის ხელს სამხედროებს. ჩვენ 25 ათასი ვართ და გასარკვევად მივდივართ, თუ რატომ ხდება ქვეყანაში ქაოსი“, – განაცხადა პრიგოჟინმა.
ცნობისთვის, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი რუსულ არმიას „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს. რუსეთის თავდაცვის უწყებაში პრიგოჟინის ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს საინფორმაციო პროვოკაციას.