“გაგრძელება იქნება” – უკრაინაში ყირიმში ხიდების აფეთქებას გამოეხმაურნენ
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ხერსონის რეგიონისა და ყირიმის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩონგარსკის ხიდის აფეთქებას გამოეხმაურა.
როგორც უწყების სპიკერმა, ანდრეი იუსოვმა თქვა, მსგავსი თავდასხმები მომავალშიც გაგრძელდება.
„ახლა მიმდინარეობს მუშაობა და ის გაგრძელდება. ეს არის უშიშროების ძალების, თავდაცვის, წინააღმდეგობის მოძრაობის, ადგილობრივი მოსახლეობის სისტემატური მუშაობა, რომელიც ამ ტერიტორიებზე უკრაინის კანონიერი ძალაუფლების დაბრუნებას ელოდება. მხოლოდ ერთი კომენტარის გაკეთება შეიძლება – გაგრძელება იქნება”, – თქვა მან.
დღეს გახდა ცნობილი, რომ ხერსონის რეგიონთან ანექსირებული ყირიმის დამაკავშირებელ გზაზე, ჩონგართან ხიდია აფეთქებული.
ხერსონის რეგიონის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვოლოდიმირ სალდომ განაცხადა, რომ იერიში უკრაინელი სამხედროების მიერ არის მიტანილი, მისივე ვარაუდით, Storm Shadow-ის რაკეტებით.
მისი თქმით, დაზიანებულია რამდენიმე ხიდი სივაშის ყურის გავლით ყირიმისკენ მიმავალ გზაზე. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.