ბერბოკმა ევროკავშირში უკრაინის შესვლის მთავარი პირობა დაასახელა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის „30-წლიანი ნეპოტიზმი და კორუფცია“ უნდა დაასრულოს.
ამის შესახებ მან ლონდონში, უკრაინის აღდგენის კონფერენციის ფარგლებში განაცხადა, – წერს Die Welt-ი.
ამავე დროს, მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რეფორმები “წარმოუდგენელი სისწრაფით” მიმდინარეობს.
ბერბოკმა დასძინა, რომ უკრაინამ უკვე მიაღწია რეფორმებში პროგრესს, განსაკუთრებით, თავისუფალი მედიისა და კანონის უზენაესობის სფეროებში, რასაც გერმანია აქტიურად უჭერს მხარს.
”მაგრამ ასევე ნათელია, რომ მომავალი მოითხოვს შემდგომ პროგრესს. 30-წლიანი ნეპოტიზმის დასრულებას და საჭიროა მკაფიო განცხადება, რომ კორუფცია ასევე უნდა დასრულდეს”, – თქვა მან.
პოლიტიკოსის თქმით, ეჭვგარეშეა, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება.
„აქედან გამომდინარე, ქვეყნის რეკონსტრუქციაში კერძო კომპანიების ინვესტიცია მით უფრო ღირებული იყო, რადგან მათ, საბოლოოდ, გააძლიერეს ევროპის შიდა ბაზარი. უკრაინა შესაძლოა, იყოს გადამწყვეტი ფაქტორი ევროპის შიდა ბაზრის გაძლიერებაში, განსაკუთრებით, სუფთა ენერგეტიკასთან მიმართებით”, – თქვა ბერბოკმა.