ვახტანგ გომელაური: 2021 წელს დამტკიცდა საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და აქტიურად მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ვახტანგ გომელაურმა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი – 2023“ – ში მიიღო მონაწილეობა და ფორუმის დამსწრეებს სიტყვით მიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„ღონისძიება საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის წევრებმა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა.
ღონისძიებას ასევე დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურმა მდივანმა, სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუმ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მხარდაჭერისთვის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა. ვახტანგ გომელაურმა ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენი მიზანია, ფორუმის საშუალებით კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან და ხელი შევუწყოთ ამ სფეროში კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგს. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში კიბერუსაფრთხოებას, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს განუყოფელ ნაწილს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ჩვენ გვყავს უწყებები, რომლებსაც მანდატით აქვთ განსაზღვრული სახელმწიფო რესურსების თუ ეკონომიკის სექტორების კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა. თითოეული უწყება სწორედ ამ უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად მუშაობს კიბერ უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ. 2021 წელს დამტკიცდა საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და აქტიურად მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი, რაშიც ქართულ მხარესთან ერთად ინტენსიურად არიან ჩართულები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი პროგრამების ფარგლებში საქართველო კიბერუსაფრთხოების მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან. გამორჩეულია გაერთიანებული სამეფო-საქართველოს კიბერთანამშრომლობის პროგრამა რომელიც აქტიურად ეხმარება საქართველოს სხვადასხვა უწყებებს შესაძლებლობების განვითარებაში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ამერიკულ მხარესთან და ვიღებთ როგორც ტექნიკურ, ისე ტექნოლოგიურ მხარდაჭერას. ასევე ხაზგასასმელია ევროკავშირთან თანამშრომლობა სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, რომლითაც ძლიერდება საქართველოს უწყებების შესაძლებლობები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ორდღიანი ღონისძიება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებით იმართება. ფორუმის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევებისა და თანამედროვე მიდგომების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და საერთაშორისო დონეზე, კიბერკომპონენტის საშუალებით, საქართველოს პოზიციონირების გაძლიერება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.