იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილება განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილება, რომელიც ეხება მგზავრთა გადაყვანის სფეროსა და ავტოსატრანსპორტო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას.

პარლამენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს სანებართვო საქმიანობების განსაზღვრას, რაც ხდება ახალი სახის ნებართვების შემოღების საფუძველი, აგრეთვე, ავტოსადგურის სერტიფიცირებას.
პროექტის თანახმად, ავტოსადგური განიმარტება, როგორც მგზავრთა და გადამზიდველთა მომსახურების მიზნით, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე, მოწყობილი ადგილი, სადაც დადგენილი წესით შესაძლებელია განხორციელდეს საერთაშორისო რეგულარულ ან/და არარეგულარულ და/ან ქვეყნის შიდა და/ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებთან დაკავშირებული მომსახურება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, ცვლილებების მიზანია: საავტომობილო/ სამგზავრო გადაყვანების სფეროს მოწესრიგებისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება; საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანების მოწესრიგებას და მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვის პროცესში მარეგულირებელი ნორმების დახვეწას; ავტოსადგურების სერტიფიცირება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ და ასევე ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება.

„რიგ ავტოსადგურებში ხშირად არ არის დაცული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანიტარულ-ჰიგიენური, ეკოლოგიური და სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნები. უმეტესი ავტოსადგურების ტექნოლოგიური აღჭურვილობა და საექსპლუატაციო ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამება კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამასთან, ხდება ავტოსადგურის გვერდის ავლით მგზავრთა გადაყვანა, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს სექტორში არსებულ მდგომარეობას. აღნიშნულის შედეგად, ის გადამზიდველები, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას ახორციელებენ კანონმდებლობის დადგენილი ნორმებით, აღმოჩნდნენ არაკონკურენტუნარიან მდგომარეობაში და ხდება მათი ბაზრიდან განდევნა. ეს რეფორმა კი, ხელს შეუწყობს სამართლიანი პირობების დაწესებას ბაზარზე”, – აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.

სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება და მხოლოდ მას შემდეგ, რაც პოზიციები შეჯერდება, ჩატარდება კენჭისყრა. კანონპროექტის ავტორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო ინიციატორი – საქართველოს მთავრობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები