მაია ბითაძე ევროკავშირის წარმომადგენლობის ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორს შეხვდა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ევროკავშირის წარმომადგენლობის ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორს ანელიეს ვანიმელბერკეს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა პოზიციები გაცვალეს გარემოსდაცვითი მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ. კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა „ინდუსტრიული ემისიების შესახებ” და „წყლის რესურსების მართვის შესახებ” კანონპროექტების თაობაზე, რომლებიც პარლამენტში განხილვის პროცესშია. ასევე ისაუბრეს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კანონის პროექტის შემუშავების მნიშვნელობაზე. კომიტეტის თავმჯდომარემ კანონპროექტის შემუშავების პროცესზე სტუმარს დეტალური ინფორმაცია გააცნო.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სახელმწიფოს განვითარებისათვის ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო ნარჩენების მართვას, ნარჩენების მართვის მიმართულებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების შესრულებას, მყარი ნარჩენების მართვის საკითხებს საქართველოს რეგიონებში და დედაქალაქში. შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” შესულ ცვლილებებზე, რომლის თანახმად, „გამწვანების პროექტის” სავალდებულოობა მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდა.
ისაუბრეს გარემოსდაცვითი მმართველობის და დემოკრატიის სისტემაზე საქართველოში, ასევე, მინერალური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესზე და იმ ღონისძიებებზე, რაც ამ ჭრილში გარემოს დაცვის მიმართულებით ხორციელდება.