Bloomberg: ევროკავშირი მზად არის, უკრაინას 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი ერთი პირობით შესთავაზოს
ევროკავშირი მზად არის, უკრაინას აღდგენისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი შესთავაზოს. განცხადება დონორთა სამიტის გამართვამდე გაკეთდა, რომელიც მიმდინარე კვირას ლონდონში შედგება.
Bloomberg-ის ცნობით, პაკეტის ნაწილი მოხმარდება უკრაინის მიმდინარე ხარჯებს, როგორიცაა ხელფასები, პენსიები და სოციალური შეღავათები.
პაკეტი დაფინანსდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების შენატანებით. ბრიტანეთი, დონორების სამიტის მასპინძელი ქვეყანა, ასევე აპირებს, მონაწილეობა მიიღოს დახმარებაში გაფართოებული მექანიზმების ფარგლებში, რომელიც შეხვედრაზე განიხილება.
გავრცელებული ინფორმაციით, 50 მილიარდი ევრო გამოიყოფა გრანტებისა და შეღავათიანი სესხების სახით, მაგრამ იმ პირობით, რომ უკრაინა ქვეყანაში არაერთ რეფორმას განახორციელებს, მათ შორის ანტიკორუფციულს.
რეკონსტრუქციის გეგმის ავტორების აზრით, უკრაინას რეფორმები არა მხოლოდ კონკრეტული დახმარების მისაღებად სჭირდება, არამედ – ევროკავშირის წევრობის გზაზეც.
უკრაინის აღდგენის კონფერენცია 21-22 ივნისს ლონდონში გაიმართება.
უკრაინის პრემიერმა, დენის შმიგალმა თქვა, რომ ყურადღება გამახვილდება სამ ძირითად ასპექტზე: სწრაფ აღდგენაზე, კერძო ინვესტიციების მოძიებასა და რეგიონების განვითარებაზე.