Reuters: უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად შვიდიდან ორი პირობა დააკმაყოფილა

ევროკავშირის ანგარიშში, რომელიც მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება, ნათქვამია, რომ უკრაინამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად შვიდიდან ორი პირობა დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ევროკავშირის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიუხედავად რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა, ბლოკის აღმასრულებელი ხელისუფლება ანგარიშში ხაზს უსვამს უკრაინის მიერ მიღწეულ პროგრესს.

ევროკავშირმა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინას შვიდი პირობა დაუწესა – მათ შორის სასამართლო რეფორმა და კორუფციის შეზღუდვა. უკრაინას მოლაპარაკებების დაწყება მიმდინარე წელს სურს.

ევროკავშირის ორმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ უკრაინა ამ დროისთვის ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, ეს ეხება სასამართლო რეფორმას და მედიის შესახებ კანონს. მანვე დასძინა, რომ ანგარიშში ყურადღება გამახვილდება დადებით მხარეებზე.

„პროგრესი არის. ანგარიში ზომიერად დადებითი იქნება. საუბარია არა რეალობის შელამაზებაზე, არამედ პროგრესის აღიარებაზე“, – აღნიშნა ოფიციალურმა წყარომ Reuters-თან საუბარში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები