უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთით მძიმე ვითარებაა, ოკუპანტები აქტიურ შეტევას ახორციელებენ
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გაზარდეს ჯარები და ცდილობენ წინსვლას ლიმანისა და კუპიანსკის მიმართულებით, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა განაცხადა.
„აღმოსავლეთში რთული მდგომარეობაა. მტერმა გაზარდა ძალები და ახორციელებს აქტიურ შეტევას ლიმანისა და კუპიანსკის მიმართულებით. ფიქსირდება მტრის დაბომბვის მაღალი აქტივობა. სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს“, – წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე „ტელეგრამზე“.
მალიარის თქმით, მტერი უარს არ ამბობს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების საზღვრამდე მისვლის გეგმებზე.
„ამჟამად ეს არის მტრის თავდასხმის მთავარი მიმართულება. ამიტომ ის თავისი ქვედანაყოფების მნიშვნელოვანი რაოდენობით აღმოსავლეთში კონცენტრირდა, კერძოდ, საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ქვედანაყოფებით. მოწინააღმდეგის გაზრდილი ძალებისა და უპირატესობის პირობების მიუხედავად, ჩვენი ჯარები გაბედულად მოქმედებენ და არ აძლევენ მტერს წინსვლის საშუალებას“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.