“მსოფლიოს ჩინეთ-აშშ-ის სტაბილური ურთიერთობა სჭირდება” – სი ძინპინი ენტონი ბლინკენს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პეკინში ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს ქვეყანაში ორდღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შეხვდა.
Reuters წერს, რომ ამ შეხვედრამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს სი ძინპინისა და ჯო ბაიდენის სამიტს.
როგორც მედია წერს, შეხვედრაზე ჩინეთის ლიდერმა ამერიკელ დიპლომატს უთხრა, რომ მსოფლიოს ჩინეთის და შეერთებული შტატების სტაბილური ურთიერთობა სჭირდება.
მისი თქმით, შეძლებენ თუ არა პეკინი და ვაშინგტონი ერთმანეთთან მეგობრულ ურთიერთობას, ეს გავლენას ახდენს კაცობრიობის მომავალსა და ბედზე.
მისი მტკიცებით, პეკინი პატივს სცემს ვაშინგტონის ინტერესებს და ვაშინგტონმაც ანალოგიურად პატივი უნდა სცეს მათ.
„ჩინეთი პატივს სცემს შეერთებული შტატების ინტერესებს და არ დაუპირისპირდება მას. ანალოგიურად, შეერთებულმა შტატებმა ასევე პატივი უნდა სცეს ჩინეთს და არ დააზარალოს ჩინეთის ლეგიტიმური უფლებები და ინტერესები“, – განაცხადა სი ძინპინმა.