რამაზ საყვარელიძე: თუკი რეალობის ოდნავი გრძნობა აქვთ ევროპაში, საქართველოს სტატუსი აუცილებლად უნდა მიანიჭონ
“თუკი რეალობის ოდნავი გრძნობა აქვთ ევროპაში, საქართველოს სტატუსი აუცილებლად უნდა მიანიჭონ. სხვა შემთხვევაში საქართველოს რუსეთის საკბილოდ დატოვებენ, ეს კი ევროპისთვის, წესით, სულერთი არ უნდა იყოს, რადგან უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო ხაზები საქართველოზე გადის და მომავალში უფრო მეტი გავა”,- ამის შესახებ ექსპერტი რამაზ საყვარელიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
საყვარელიძე ინტერვიუში, “ნაციონალურ მოძრაობაში” განვითარებულ პროცესებსაც აფასებს.
“ძალიან კარგია, ექსპრეზიდენტი გამოჯანმრთელების გზას რომ დაადგა. მე ამას ვუწოდე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სამედიცინო ეფექტი… ხუმრობა იქით იყოს და, პოლიტიკურადაც მის ამ გადაწყვეტილებას, გააქტიურდეს ქართულ ასპარეზზე, სწორ ნაბიჯად ვაფასებ. მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების თაობაზე გავრცელდა ინფორმაცია, ჟურნალისტები მის პოლიტიკურ მომავალზე ხშირად მეკითხებოდნენ. რა თქმა უნდა, მე არანაირი საფუძველი და უფლება არ მქონდა ან მის დიაგნოზში, ან ექიმების შეფასებაში შემეტანა ეჭვი, მაგრამ თითქმის ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ საკუთარ ჯანმრთელობას არ მიხედავდა, როგორც პოლიტიკური ლიდერი მნიშვნელოვნად დაზარალდებოდა. წარმოუდგენელია, მხარდაჭერა მიიღოს და ლიდერობა შეინარჩუნოს დაძაბუნებულმა და დასუსტებულმა პოლიტიკოსმა, დემენციის დიაგნოზით. ეს შეეხება როგორც ქვეყნის მასშტაბს, ასევე შიდაპარტიულ სტრუქტურასაც. ის ყოველთვის იყო განსაკუთრებული, მეტიც, ლამის მითოლოგიზებული ენერგიის პატრონი – ახალგაზრდული ძალის განსახიერება, სწორედ ამით ხიბლავდა ხალხს. ახლა ვუყურებთ ფიზიკურად დაუძლურებულ, ენერგიისა თუ მითოლოგიისგან დაცლილ ადამიანს. ასეთი პოლიტიკოსი შეიძლება შეიცოდონ, მაგრამ მას მხარდამჭერები პოლიტიკურ მომავალს რთულად უკავშირებენ. მიხვდნენ ის და მისი უახლოესი გარემოცვა, მით უფრო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ უახლოეს მომავალში მისი საქართველოდან სამკურნალოდ გაყვანა ვერ მოხერხდებოდა, და დაასკვნეს, რომ იმიჯი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში შეიძინა სააკაშვილმა, არ იყო მომგებიანი.
სხვათა შორის, თქვენი გაზეთის ინტერვიუში ვთქვი, სტრასბურგის სასამართლოს უარის შემდეგ “ნაცმოძრაობა” შეეცდება ძველი მიშას დაბრუნებას-მეთქი, მით უფრო, ნახეს, როგორ ეცემა “ნაცმოძრაობის” რეიტინგი. ამან ყველას დაანახა, რომ მხარდაჭერა, რაც “ნაცმოძრაობას” აქვს, დიდწილად მიშას მხარდაჭერაა. მებრძოლი მიშას იმიჯი ციხეში ყოფნისთვისაც უფრო გამოსადეგი იქნება, ვიდრე ის, რასაც ვადევნებდით თვალს. მხარდამჭერების შემოკრება აქტიურ მიშას უფრო მეტად შეუძლია. ხომ ვნახეთ, ბოლო დროს საავადმყოფოსთან მისი გულმხურვალე მხარდამჭერებიც კი აღარ მიდიოდნენ. ეს გააცნობიერეს და გადაწყვიტეს დაუბრუნდეს მიშა ქართულ პოლიტიკას, რაც მისთვისაც კარგი იქნება და პარტიისთვისაც. მაგრამ სიმართლე გითხრათ, როგორც ის წინა გადაწყვეტილება, წარმოჩენილიყო უმძიმეს პაციენტად და წასულიყო ქართული პოლიტიკიდან არ იყო გათვლილი, ასევე გაუთვლელი მგონია მისი უეცარი შემობრუნებაც. მგონი, ზუსტად თვითონაც არ იცის, რას აკეთებს. ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას – ის ამომრჩეველი, რომელიც საკუთარ არჩევანს პირდაპირ სააკაშვილს უკავშირებს, მისი ქართული პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე განცხადების მერე კი იმედგაცრუებული და პასიური იყო, ახლა გააქტიურდება. ეს არცთუ ცოტა ქულას შესძენს “ნაციონალურ მოძრაობას”, თუ ხაბეიშვილმა არ შეუშალა ხელი.
საქმე ის არის, რომ ხაბეიშვილის ფიგურა ბევრი სირთულის შემცველია. ის არ არის ლიდერის ტვირთის ამწევი, არა აქვს იმგვარი სანდო პოლიტიკოსის იმიჯი, რომელსაც შეიძლება ხელისუფლება ჩააბარო, არც საგარეო პოლიტიკის წარმოებისა და დიპლომატებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. ის აქტიური ადამიანია, ბევრ ზედმეტ რამეს ამბობს, და ამ ზედმეტი აქტიურობით რას იზამს, რთული სათქმელია, თანაც არ არის დამოუკიდებელი ფიგურა. მას მზითვად მოჰყვნენ მერაბიშვილი და კეზერაშვილი. ეს რა როლს შეასრულებს მომავალში, ეს კიდევ ცალკე საკითხავია. მათ რეიტინგულად რომ უკვე დააზარალეს პარტია, ცხადია. დღეს მათ პარტიაზე გავლენა აქვთ ხაბეიშვილის საშუალებით, რას გადაწყვეტენ ისინი პარტიის მომავალთან დაკავშირებით, გაუგებარია. ვერ გამოვრიცხავთ, რომ სააკაშვილის გააქტიურება მერაბიშვილსა და კეზერაშვილს არც აწყობდეთ.
ვფიქრობ, სააკაშვილის შემობრუნებას იმანაც უბიძგა, რაც მის პარტიაში ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ ხდებოდა – ის დატოვა რამდენიმე ლიდერმა, ფაქტობრივად, პარტიაში ვითარება ორ ბანაკად გაიყო. შესაბამისად, მხარდამჭერების შემოკრების ნაცვლად, მათი შემოფანტვაც დაწყებული იყო. ვფიქრობ, ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლადაც გადადგა ეს ნაბიჯი. როგორ მოახერხებს პარტიაში ვითარების მართვასა და პოლიტიკური ჯგუფების დაბალანსებას, არ ვიცი და დიდად არც მაინტერესებს. პირადად მე მგონია, რომ სააკაშვილის მობრუნების შემდეგ ნიკა მელიას თავის ჯგუფთან ერთად მოუწევს პარტიის დატოვება. ის დღემდე არ მიდიოდა იმიტომ, რომ იმედი ჰქონდა, ხაბეიშვილის ჩაფლავების შემდეგ პარტიაში დაინიშნებოდა თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნები, რაც ახალი რეალობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, აღარ მოხდება. კარგა ხანია ამბობენ იმასაც, რომ მელია ახალი პარტიის შექმნას ფიქრობს და ჩემი აზრით, შექმნის კიდეც. მელიამ თავის დროზე არაერთი ნაბიჯი გადადგა სააკაშვილის საწინააღმდეგოდ, რაც ახსოვთ სააკაშვილის მხარდამჭერებს და ეს დღემდე ვერ უპატიებიათ. რაც შეეხება იმას, რომ სააკაშვილის დაბრუნება პოლიტიკურ პროცესს უფრო ორპოლუსიანს გახდის, ვფიქრობ, ეს სწორი შენიშვნაა და ისიც სწორია, რომ ამით მმართველი ძალა იხეირებს, რადგან მე ჯერ ვერ ვხედავ ოპოზიციურ ფლანგზე იმის რესურსს, რომ ჩამოყალიბდეს კონკურენტული მესამე პოლიტიკური ცენტრი. დღეს რიგმა პარტიებმა, მათ შორის “ლელომ”, დაიწყეს ლაპარაკი დამოუკიდებელ მესამე ცენტრზე, მაგრამ, ვფიქრობ, დააგვიანდათ, დიდი ხნის წინ უნდა დაეწყოთ ამისთვის მუშაობა და არ უნდა ჩაწერილიყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგში. ამით, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად დაიზიანეს თავი. რაც შეეხება კოალიციას “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად მომავალი არჩევნებისთვის, ჩემი აზრით, არ არის გამორიცხული, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობიდან” წავიდნენ, ისევ მას მიეკედლონ.
თუ მესამე ცენტრის თემას დავუბრუნდებით, ვფიქრობ, ასეთი ცენტრი ისევ სახელისუფლებო ძალაში თუ ჩამოყალიბდება. თუ ქართული პოლიტიკის უახლეს ისტორიას გადავალებთ თვალს, ანგარიშგასაწევი და წარმატებული ოპოზიცია ხელისუფლების წიაღში იბადებოდა ხოლმე. ზვიად გამსახურდიას ოპოზიცია დაიბადა “მრგვალი მაგიდის” გარშემო, შევარდნაძის შემთხვევაში კი სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე მისი გუნდის წევრები იყვნენ, მაგრამ ვნახეთ, მერე როგორ დაუპირისპირდნენ.
თუკი რეალობის ოდნავი გრძნობა აქვთ ევროპაში, საქართველოს სტატუსი აუცილებლად უნდა მიანიჭონ. თუ საქართველო ევროპაზე არის ორიენტირებული, ხომ უნდა მოგვცენ სტატუსი, მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ მართალია ის მძიმე ბრალდება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომ მას ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს, მაშინ კიდევ უფრო მეტად უნდა მოგვცენ. სხვა შემთხვევაში საქართველოს რუსეთის საკბილოდ დატოვებენ, ეს კი ევროპისთვის, წესით, სულერთი არ უნდა იყოს, რადგან უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო ხაზები საქართველოზე გადის და მომავალში უფრო მეტი გავა. ამდენად, რუსეთის გავლენის გაძლიერება საქართველოში, ნიშნავს ამ ხაზებისთვის დარტყმის მიყენებას, რაც არ უნდა აწყობდეს არც ევროპას და არც ჩინეთს, რომელიც ჩვენს რეგიონში თანდათან ანგარიშგასაწევი მოთამაშე ხდება. შესაბამისად, ვფიქრობ, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება, დეოლიგარქიზაცია იქნება თუ სხვა რომელიმე პუნქტი, ფორმალურად შესასრულებელი იქნება. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი ევროკომისიის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ შესაძლოა ზოგიერთის რეკომენდაციის შესასრულებლად განსაზღვრული პირობები სტატუსის მიღების შემდგომაც დაგვიწესონ. ამიტომაც მიმაჩნია, რომ დღეს ყველა უნდა ვცდილობდეთ ნაკლებად შევუშალოთ ამ პროცესს ხელი. ეს შეეხება ხელისუფლებასაც, რომელიც ზოგჯერ სრულიად გაუგებარ კონფრონტაციულ რიტორიკას ირჩევს, და ოპოზიციასაც, რომელიც გამუდმებით აპელირებს იმაზე, რომ საქართველო თურმე რუსეთს ბარდება. ამის თქმა იმ ხალხისგან, ვინც ხელისუფლებაში იყო მაშინ, როდესაც 2008 წლის ომის მერე საქართველოს არაერთი სტრატეგიული ობიექტი ჩაჰბარდა ოკუპანტ ქვეყანას, მისი მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შემდეგ კი იმჟამინდელი პრეზიდენტი სიხარულით ხვდებოდა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას.
თუ ყველა გავაკონტროლებთ ჩვენს ქმედებასაც და რიტორიკასაც, კარგი იქნება, რადგან ეს ქვეყნის გარეთ ცუდად აღიქმება და აზიანებს ქვეყანას და არა მარტო რომელიმე პოლიტიკურ ძალას”,- განაცხადა საყვარელიძემ.