ავტოსაგზაო შემთხვევა კანადაში – დაღუპულია სულ მცირე 15 ადამიანი
კანადაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა მანიტობის პროვინციაში მოხდა, სადაც ერთმანეთს მისაბმელიანი სატვირთო მანქანა და ავტობუსი შეეჯახა, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ხანშიშესული ადამიანები გადაჰყავდა.
„ეს არის დღე, რომელიც მანიტობაში და მთელს კანადაში დაამახსოვრდებათ, როგორც ტრაგიკული და სამწუხარო. ყველა ვინც ელოდება, ვერც კი წარმომიდგენია რამდენად მძიმეა არ იცოდე ადამიანი რომელიც გიყვარს, დაბრუნდება თუ არა სახლში ამ ღამით. მე ბოდიშს გიხდით, რომ არ შეგვიძლია დაზუსტებული პასუხის მოწოდება, რომელიც თქვენ უფრო სწრაფად გჭირდებათ“, – განაცხადა ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელმა ავარიაზე საუბრისას.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ სურათებში ჩანს, რომ Handi-Transit-ის ავტომობილი ცეცხლშია გახვეული.