“ზოგიერთი დანაშაული გაგებას არ ექვემდებარება” – ჰარვარდის სკოლის მორგის ხელმძღვანელი გარდაცვლილთა ნაწილებს ყიდდა
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მენეჯერი და კიდევ სამი თანამშრომელი ბრალდებულნი არიან მორგიდან ადამიანების ორგანოების ყიდვა-გაყიდვაში.
ამის შესახებ BBC იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, სედრიკ ლოჯი ჰარვარდის სამედიცინო სკოლისთვის გადაცემული გვამებიდან იღებდა „თავებს, ტვინს, კანს, ძვლებს“ და ონლაინ ყიდდა.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, ის და მისი მეუღლე, დენიზი, სხეულის ნაწილებს პენსილავიასა და მასაჩუსეტში ყიდდნენ. სქემა წარმატებით მუშაობდა სამი წლის განმავლობაში – 2018 წლიდან 2021 წლამდე.
აშშ-ის პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ „სედრიკ ლოჯი ზოგჯერ უცხო პირებს უშვებდა მორგში ცხედრების შესამოწმებლად, შემდგომ სასურველი ორგანოების შესაძენად”.
ერთ-ერთი მყიდველია მისის მაკლინი, მაღაზია Kat’s Creepy Creations-ის მფლობელი. 2020 წლის ოქტომბერში მან დაზიანებული სახეები 600 დოლარად იყიდა და გეგმავდა მათ ტყავში გადაკეთებას. საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ის ინახავდა და შემდგომ ყიდდა ნეშთებს მაღაზიაში.
“ზოგიერთი დანაშაული გაგებას არ ექვემდებარება. ქურდობა და ადამიანის სხეულის ნაწილებით ვაჭრობა ურტყამს იმ ფაქტს, რაც გვაქცევს ადამიანებად”, – თქვა აშშ-ის პროკურორმა, ჯერარდ მ. კარამმა.
ოთხივე ბრალდებულს ბრალი ედება შეთქმულებასა და მოპარული საქონლის შტატებს შორის გადაზიდვაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თითოეულ მათგანს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.