“ლუკაშენკო კრემლს რესპუბლიკაზე სულ უფრო მეტი კონტროლის საშუალებას აძლევს” – სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის ბირთვულ იარაღზე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აგრძელებს ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადაცემის ვითარების მონიტორინგს.
ამის შესახებ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ამჟამად შეერთებული შტატები ვერ ხედავს საკუთარი ბირთვული ძალების პოზიციის კორექტირების მიზეზს, ისევე – როგორც იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება.
ამავდროულად, როგორც მილერმა აღნიშნა, ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ შეთანხმება მიუთითებს იმაზე, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო კრემლს თავის ქვეყანაზე სულ უფრო მეტ კონტროლს აძლევს.
“რაც შეეხება ბელარუსს, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ლუკაშენკო აკეთებს უპასუხისმგებლო და პროვოკაციულ არჩევანს, ბელარუსი ხალხის ნების საწინააღმდეგო კრემლს სულ უფრო მეტ კონტროლს აძლევს. ხოლო რუსეთისთვის ეს კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯია”, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.