Axios: ბაიდენი მხარს უჭერს ნატოში უკრაინის გამარტივებულ შესვლას ომის დასრულების შემდეგ
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მხარს უჭერს ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წინადადებას, რომ უკრაინას არ სჭირდება „წევრობის სამოქმედო გეგმის“ (MAP) შესრულება ალიანსში გასაწევრიანებლად.
ამის შესახებ Axios-ი ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბაიდენი, ისევე – როგორც გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, იყო მათ შორის, ვისაც არ სურდა, რომ მომხდარიყო 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე აღებული ვალდებულებების ფარგლებს მიღმა გასვლა.
თუმცა, ორი დღის წინ, თეთრ სახლში ბაიდენისა და სტოლტენბერგის შეხვედრის დროს ნატოს გენერალური მდივანი გამოვიდა წინადადებით, რათა მოხდეს იმის აღიარება, რომ უკრაინამ ალიანსში გაწევრიანებისკენ პროგრესს მიაღწია და არ არის საჭირო MAP-ის ეტაპობრივი განხორციელება.
MAP-ის განხორციელება განსაზღვრავს კონკრეტულ კრიტერიუმებს და რეფორმებს და შესაძლოა, წლობით გაჭიანურდეს.
Axios-ი წერს, რომ ბაიდენი ეძებს კომპრომისულ გადაწყვეტილებას, რომელიც მოერგება როგორც უკრაინას, ასევე – ალიანსის ყველა წევრს.
15 ივნისს პენტაგონის ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი „აგრძელებს ნატოს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერას“ და დასძინა, რომ „თითოეულ ქვეყანას აქვს საკუთარი გზა ალიანსში გაწევრიანებისკენ“.