“უკრაინელებს საკმარისი აღჭურვილობა აქვთ”- ოსტინი ბრძოლის ველზე ტექნიკის დანაკარგებს გამოეხმაურა
პენტაგონის ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა აღიარა, რომ, კონტრშეტევის ფარგლებში, უკრაინას ბრძოლის ველზე აღჭურვილობის დანაკარგი აქვს, თუმცა, მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბრძოლის გასაგრძელებლად საკმარისი აღჭურვილობა აქვთ.
ამის შესახებ მან “რამშტაინის” შეხვედრის ფარგლებში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ეს ომია. ჩვენ ვიცით, რომ საბრძოლო ველზე იქნება ტექნიკის დაზიანება ორივე მხრიდან. რაც მთავარია: უკრაინელებს აქვთ შესაძლებლობა, აღადგინონ დაზიანებული ტექნიკა, სადაც ეს შესაძლებელია, შეაკეთონ და დააბრუნონ ბრძოლის ველზე,” – მან თქვა.
ოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარია მოკავშირეების უნარი, გააგრძელონ იარაღის მიწოდება.
“ბრძოლის ველზე ტექნიკის დაზიანება კიდევ იქნება. ვფიქრობ, რუსებმა ერთი და იგივე 5 მანქანა ათასჯერ სხვადასხვა კუთხით გვაჩვენეს. მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, უკრაინელებს ჯერ კიდევ ბევრი საბრძოლო ძალა აქვთ”, – დასძინა ოსტინმა.