გივი მიქანაძე რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, პარლამენტში ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, გივი მიქანაძემ შეხვედრის მონაწილეებს კომიტეტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების განათლების საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს უმცირესობათა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, სახელმწიფო ენის ცოდნის, განათლების თანამედროვე მეთოდების გამოყენების მნიშვნელობაზე, განათლების პროცესში ყოველგვარი დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და მასწავლებელთა პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების საკითხებზე. შეხვედრის ინიციატორი იყო ა(ა)იპ ,,ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისათვის”, რომელიც ორგანიზებას უწევს ახალგაზრდული ინტერ რელიგიური სამუშაო ჯგუფის სხვადასხვა აქტივობას. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები რელიგიური გაერთიანებებიდან: ებრაული თემი, სომხური სამოციქულო ეკლესია, მუსლიმი თემი, იეზიდური თემი, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, სახარების რწმენის ეკლესია. ახალგაზრდებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.