“პუტინს მეზობელი ტერიტორიების შთანთქვა სურს, ამიტომ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე” – შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ აუცილებელია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების განხილვა.

ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, – წერს DW.

შოლცმა აღნიშნა, რომ ბერლინი ამაზე თავის ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირეებთან დიდი ხანია, საუბრობს.

გერმანიის კანცლერის თქმით, საუბარია ასევე უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მაშინ, როდესაც ომი დასრულდება.

პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ შეიძლება საუბარი “ომის გაყინვაზე და რუსეთის აგრესიული თავდასხმის ლეგიტიმაციაზე”, რომლისკენაც ზოგიერთი მხარე მოუწოდებს.

„რუსეთის პრეზიდენტს აშკარად სურს, შთანთქოს ზოგიერთი მეზობელი ტერიტორია: მას აქვს ასეთი გეგმა უკრაინასთან დაკავშირებით და, ცხადია, ეს არის მისი გეგმა ბელარუსის მიმართაც“, – დარწმუნებულია შოლცი.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა და „კონკრეტული საუბარი უსაფრთხოების გარანტიებზე“.

“და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება და რომ ჩვენ არ დავთანხმდებით თავს მოხვეულ მშვიდობას. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები”, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები