უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ფრონტის ხაზზე სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს
უკრაინის ფრონტის ხაზზე „სერიოზული დაპირისპირება მიმდინარეობს“, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა და მას „სასტიკი ბრძოლა“ უწოდა.
„ჩვენ გვაქვს შეტევა რამდენიმე მიმართულებით, მაგრამ მტერი ასევე ახორციელებს შეტევას რამდენიმე მიმართულებით. ასე რომ, ამ დროისთვის ჩვენ ერთდროულად ვართ დაცვაზე და შეტევაზე, მაგრამ სხვადასხვა მიმართულებით“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, რუსული ძალები ცდილობენ შეაჩერონ უკრაინის შეტევა დაბომბვისა და საავიაციო დარტყმების გაზრდით.
„ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ მტერი აქტიურად იყენებს ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებსა და დრონებს, რათა შეაჩეროს ჩვენი შეტევა.
უკრაინის ჯარები სამხრეთში წინსვლის სირთულეებს განიცდიან, რადგან ველები დანაღმულია. ჯარები ნელა, მაგრამ დამაჯერებლად მიიწევენ წინ“, – განაცხადა მალიარმა.