“ჯერ არ ვიცით, შეიტანს თუ არა კონტრშეტევა გარდატეხას” – სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ნაადრევია დასკვნების გამოტანა იმაზე, იქნება თუ არა უკრაინის კონტრშეტევა ომისთვის გარდამტეხი.
ამის შესახებ მან ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენციაზე თქვა.
„პირველი დღეებია და ჩვენ არ ვიცით, იქნება თუ არა ეს ომში გარდამტეხი მომენტი“, – თქვა სტოლტენბერგმა.
ამასთან, მან დასძინა, რომ უკრაინის ჯარები წინ მიიწევენ და ათავისუფლებენ უფრო მეტ ოკუპირებულ ტერიტორიას.
სტოლტენბერგის თქმით, ბრძოლის ველზე უკრაინის წინსვლა, კიევის მოლაპარაკებათა პოზიციას გააძლიერებს.
“რაც უფრო მეტ მიზანს მიაღწევს უკრაინა, მით უფრო გაიგებს პრეზიდენტი პუტინი, რომ ვერ გაიმარჯვებს და უნდა აწარმოოს მოლაპარაკება სამართლიანი მშვიდობისთვის”, – დასძინა გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, უკრაინის პროგრესი ცხადყოფს, რომ ნატოს მხარდაჭერა ბრძოლის ველზე რეალურ სხვაობას ქმნის.