უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო დატბორილ რაიონებში ქოლერის შესაძლო გავრცელებისთვის ემზადება

კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შედეგად უკრაინის სამხრეთის ტერიტორიების დატბორვის გამო, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ქოლერის შესაძლო აფეთქებისთვის ემზადება.

ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ შექმნილია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვების 38 პუნქტი.

ამჟამად, წყლის ზედაპირზე მიკრობიოლოგიური აქტივობის მომატებაა დაფიქსირებული, თუმცა, ამ დროისთვის, მოსახლეობაში დაავადების არცერთი შემთხვევა გამოვლენილი არ არის.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მზად არიან სიტუაციის არასახარბიელო განვითარებისთვის.

ქოლერისა და სხვა ინფექციური დაავადებების პოტენციური შემთხვევების მკურნალობის მთავარი კერა იქნება სამი საავადმყოფო – ხერსონის, მიკოლაივის და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში, სადაც განლაგებულია დამატებითი საწოლები და შეივსება საჭირო მედიკამენტების მარაგი.

ჯანდაცვის სამინისტრო დაზარალებული და მიმდებარე ტერიტორიების მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ წყალში ბანაობისგან, ასევე, არ გამოიყენონ წყალი საკვების გადასამუშავებლად.

ასევე, კატეგორიულად აკრძალულია თევზაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები