“აუცილებელია, ბიზნესმა გაითვალისწინოს: მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს, ამ მიზეზით ფასების ზრდა არ უნდა მოხდეს” – შოთა ბურჯანაძე
“აუცილებელია, ბიზნესმა გაითვალისწინოს: მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს, ამ მიზეზით ფასების ზრდა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს”, – ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბურჯანაძემ ზაფხულის ტურისტულ სეზონთან და სარესტორნო სფეროში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
“საქართველოში ზაფხულის ტურისტული სეზონი ყოველთვის ს დაახლოებით 2-2, 5 თვეა, ივლისის 15 -დან სექტემბრის 15 რიცხვამდე. წელს მოლოდინი ძალიან დიდია იმისა, რომ საქართველოს უამრავი ტურისტი ეწვევა და, შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი წელი სხვა წლებთან შედარებით საუკეთესო წელი იქნება. ამასთან, გარკვეული დაბრკოლებები წარმოიშვა, რომელიც, სამწუხაროდ, ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზებითაა განპირობებული. ობიექტური მიზეზია ის, რომ დღემდე ამინდები ტურისტულ სეზონს ხელს არ უწყობს. მეორეა ის, რომ რუსეთ-უკრაინის ომი , რომელიც ჩემი აზრით უფრო გრძელვადიან ომად განიხილება, ვიდრე მოკლევადიანად, ზოგადად, ტურისტულ განწყობაზე უარყოფითად მოქმედებს. ბოლო ძალიან ცუდმა ფაქტმა – რუსეთის მხრიდან კახოვკის ჰესის აფეთქებამ, შესაძლოა, შავ ზღვაზე დამსვენებლების რაოდენობაზე იმოქმედოს, შესაძლოა, დამაბრკოლებელი იყოს. ეს შეიძლება, ჩვენს ქვეყანაზეც აისახოს. დღეს თბილისზე უფრო მეტად დატვირთულობა აჭარის მხარეს იგრძნობა, სადაც არაბეთის, რუსეთის, თურქეთის მოსახლეობა ჭარბობს. სასტუმროები მთლიანად გადავსებული არაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აჭარაში სასტუმროები გაივსება , ბიზნესის და სახელმწიფოს მხრიდან ძალიან სწორი განჭვრეტაა საჭირო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქნებიან მიღებული სტუმრები. იგულისხმება ის, რომ სერვისი დასახვეწია. როდესაც ტურისტები ჭარბად არიან, აჭარისთვის ყოველთვის გამოწვევაა, რომ ტურისტების მაღალი ხარისხით მიღება იყოს. რაც შეეხება კადრების დეფიციტს, ეს გამოწვევა გადალახული არაა. ამ პრობლემის გამოსწორება მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება. ეს საკითხი თბილისში უფრო მწვავედ პრობლემატური ამ წელსაც იქნება, რადგან ხშირად სამუშაო ძალის კურორტულ ზონებში მიგრაცია ხდება. თბილისს მუშა ხელი აკლდება.
ამასთან, აუცილებელია, ბიზნესმა გაითვალისწინოს: მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს, ამ მიზეზით ფასების ზრდა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს.
სამწუხაროდ, რუსი ტურისტების გამოჩენისთანავე რიგ შემთხვევებში, გარკვეულ კუნძულებზე ფასების ზრდა მოხდა. ეს შეუსაბამო ფასებია. აღნიშნული მთელ ბიზნესს არ ეხება. სარესტორნო ბიზნესშია მცირე გამონაკლისები, რომლებმაც ასეთი ნაბიჯები გადადგეს. ეს მასობრივად არ უნდა მოხდეს. ამას ადგილობრივი მოსახლეობა სენსიტიურად განიცდის. ბიზნესი საკითხს უფრო წინდახედულად უნდა მიუდგეს.
ასევე, არასწორი გათვლა მოხდა რუსეთიდან საქართველოში ფრენების ფასებზე. იქაც იმხელა ფასებია, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც გადმოფრენის სურვილი ჰქონდათ, ისევ ლარსით გადმოსვლას ამჯობინებენ. იქ, სადაც რუსეთიდან ფრენა ერთ ადამიანზე 400-500 დოლარია, მათთვის მისაღები ისევ ლარსით გადმოსვლაა. გაუგონარი და წარმოუდგენელია ავიაკომპანიების მხრიდან ასე დახარბება, რომლებიც, თითქოსდა, საქართველოს მოქალაქეებს მიმოსვლის შესაძლებლობას აძლევდნენ და ამ სიხარბის გამო, პირიქით, მათ პრობლემებს უქმნიან.
ერთ წინადადებაში რომ შევაფასოთ: ამ გადასახედიდან ტურისტული სეზონის პერსპექტივა დადებითად შეიძლება, შეფასდეს, მაგრამ კახოვკის ჰესის აფეთქებამ, შესაძლოა, სავალალო ზეგავლენა მოახდინოს”, – განაცხადა ბურჯანაძემ.