ზაქარია ფალიაშვილის „დაისი” იტალიაში, ბელინის ოპერის თეატრში, აჟღერდება

ქართული ოპერის იტალიაში დადგმის ფაქტი თავისთავად არის ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მოვლენა.
ზუსტად ასი წლის წინათ შექმნილი ეროვნული საოპერო ხელოვნების შედევრი 21 ივნისს სიცილიაში, კერძოდ კატანიაში მასიმო ბელინის სახელობის საოპერო თეატრში შესრულდება იტალიელი სოლისტების, ორკესტრის და გუნდის მიერ. შემოქმედებით გუნდს კი სათავეში უდგას რამდენიმე ქართველი ხელოვანი, ესენი არიან: თბილისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, დადგმელი რეჟისორი გოჩა კაპანაძე, სცენოგრაფი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, განათების დიზაინის ავტორი დავით მაჭავარიანი. განგებამ ისინი ბედის რჩეულებად აქცია, რადგან ერგოთ იშვიათი პატივი, ამ ოპერის ისტორიაში ახალი თავი დაიწყონ.
ბელინის ოპერის სოლისტთა შემადგენლობა და გუნდი უკვე ორ თვეზე მეტია ქართულ სასიმღერო ტექსტებს სწავლობს და ხვეწავს. იტალიაში პირველად უნდა გაისმას ქართული კლასიკა.
როგორც საოპერო აფიშა იუწყება, მალხაზის პარტიას მატეო ფალსიერი შეასრულებს, კიაზოს პარტიას – დომენიკო ბალზანი, მაროს როლში ევა კორბეტას მოუსმენენ, ნანოს პარტიას ანასტასია ბოლდირევა იმღერებს. ტიტოს როლს რობერტო კრესკა შეასრულებს, ცანგალა კი გიორგი ანდღულაძე იქნება.
დროის ამ გადასახედიდან ჩანს, რომ ოპერა „დაისს“ უცნაური ბედი დაჰყვა. მთელი 70 წლის განმავლობაში მიჩქმალული და ტაბუდადებული იყო ოპერის შექმნის ნამდვილი ისტორია, თუ რატომ ერქვა მთავარ გმირს მარო და საერთოდ რამ მისცა ბიძგი ფალიაშვილს ამ ოპერის შესაქმნელად. მან თავის მუსიკა 1921 წლის გასაბჭოების და საქართველოს გაწითლების ტრაგედიას მიუძღვნა, 1921 წლის თებერვალში საქართველოს ანექსიის დროს წარმოებულ თავდაცვით ბრძოლებში გმირულად დაღუპული 19 წლის  სტუდენტის, მარო მაყაშვილის ხსოვნას უძღვნა.
ლიბრეტოს ავტორმა გამოჩენილმა ქართველმა მსახიობმა და საზოგადო მოღვაწემ ვალერიან გუნიამ გაანდო კომპოზიტორს ეს აზრი და წარმატებითაც დაგვირგვინდა. უნიჭიერესი და ულამაზესი მარო მაყაშვილის სიკვდილმა შეძრა საქართველო, ქვეყნის დაპყრობამ კი ბოლშევიკების მიერ ჩაკლა ხალისი და ადამიანები აპათიამ მოიცვა…
საქართველო ამ ოპერის სახით დასტიროდა ქვეყნის დამოუკიდებლობის დასამარებას. კომუნისტები უცებ ვერ მიხვდნენ „დაისის“ არსს, თორემ მას სცენაზე როგორ გააჭაჭანებდნენ. მაროს სიკვდილის შემდეგ მხოლოდ ორი წელიწადი იყო გასული და ოპერის თეატრში შეკრებილი საზოგადოებისვის ეს ღია იარის და გლოვის ერთგვარი განახლება იყო. 70 წელიწადი ავიწყებდნენ მარო მაყაშვილის სახელს და თავგანწირვას საქართველოს, მაგრამ საშობლოსთვის ალალად შეწირული სიცოცხლე არ დაიმალა… 1991 წელს ნანა ღვინეფაძის დაწერილ წიგნში „შარავანდედი“ გამოიკვეთა მარო მაყაშვილის პორტრეტი და საზოგადოებამ იქ ამოიკითხა პირველად რომ ფალიაშვილის ოპერის ერთ-ერთ გმირს სწორედ მარო მაყაშვილის გამო ჰქვია ეს სახელი.
მე ვიცნობდი მარო მაყაშვილის დიდი ოჯახის წევრებს, ძმას – ბატონ შალვა მაყაშვილს, დას – ქალბატონ ნუგეშა მაყაშვილს, დისშვილებს – თამარ და ელიზბარ ერისთავებს. მართლაც, საოცარ პიროვნებებს, თავისი საქმის ნამდვილ პროფესიონალებს და საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებულ ადამიანებს. ახლა, სამწუხაროდ, არცერთი მათგანი აღარ არის ცოცხალთა შორის. მათ შთამომავლებს კი, ბუნებივია, უზომოდ ახარებთ ის ფაქტი, რომ აღდგა სამართლიანობა! დღეს ყველამ იცის საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის ისტორია. ბელინის ოპერაში შეკრებილი მსმენელი კი ამჯერად უკვე პროგრამაშიც ამოიკითხავს, თუ ვის მიუძღვნა ეს ოპერა კომპოზიტორმა.
შემთხვევითი არ გახლავთ ისიც, რომ ამ ოპერის დამდგმელი რეჟისორია გოჩა კაპანაძე, შესანიშნავი ქართველი თეატრალური რეჟისორი, რომელმაც რამდენიმე წლის წინათ ცხინვალის მაჩაბლის სახელობის თეატრში დადგა „მარო მაყაშვილის დღიური” და  საქართველოს ლამის ყველა თეატრი მოიარა ამ წარმოდგენით. ორი თვის წინათ თბილისის ოპერის თეატრში განახლებული „დაისის” დამდგმელი რეჟისორიც გოჩა კაპანაძე იყო. ამჯერად კი მის სცენურ რედაქციას ბელინის ოპერის აუდიტორია შეაფასებს.
მაინც რა სიმბოლურია ამონარიდი მარო მაყაშვილის დღიურებიდან: „მინდა საზღვარგარეთ ძალიან და ძალიან წავიდე უსათუოდ სწავლის შემდეგ. ერთ წელიწადს ვიმსახურებ. მოვაგროვებ ფულს და გავუადვილებ ჩემს მშობლებს ამითი. ძალიან მინდა პარიზში და იტალიაში, ნუთუ რამე შემიშლის ხელს“?
ამას 17 წლის მარო მაყაშვილი წერდა. მისი სურვილი მალე ბრუტალურად ჩაკლა მტრის მიერ აფეთქებულმა ყუმბარამ. მართალია მან ევროპის ქვეყნები ვერასოდეს მოინახულა, მაგრამ გარდაცვალებიდან 102 წლის შედეგ მისი ხსენება იქნება მისთვის ესოდენ სანუკვარ იტალიაში!
კიდევ უფრო ნიშნეულია,  რომ სწორედ წლეულს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მოლოდინში ხდება ქართული ოპერის პრეზენტაცია ევროპის შუაგულში… და დღეს სულ უფრო წინასწარმეტყველურად ჟღერს მაროს დღიურის ეს სიტყვები: „იქნება სხვები ამას ვერ ხედავენ, მაგრამ მე ისეთი გრძნობა მაქვს, სრულად ეღირსება ამ ბედშავს ერს თავისუფლება”…

                                                     გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები